თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ-ჩინური საწარმო აშენდება. შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დალიანში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაფორმდა, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური 9 სექტემბერს, ოთხშაბათს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში დააფუძნონ ერთობლივი კომპანია, რომელიც განახორციელებს არა მხოლოდ ასინქრონულ ძრავიანი ელმავლების წარმოებას, არამედ განახორციელებს დიზელის ძრავიანი თბომავლების, მეტროს მატარებლების, ელექტრომატარებლების, დიზელის ძრავების, დიზელის გენერატორების და აშ. წარმოებას; ასევე ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, დასახელებული პროდუქტების მომსახურებას და შეკეთებით სამუშაოებს.
მემორანდუმს ხელი საქართველოს მხრიდან სს „ვაგონმშენებლის “ დირექტორმა ბადრი წილოსანმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის პრეზიდენტმა მინ ხინგმა მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიამდე, დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ერთობლივი კომპანია ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ირანის, თურქეთის, ევროპის ბაზარზე და აშ.
Dalian Locomotive & Rolling Stock Co., Ltd. CRRC Group წარმოადგენს ლოკომოტივების ყველაზე დიდ მწარმოებელ კომპანიას ჩინეთში. DLoco–ს წარმოებული პროდუქცია მოიცავს: დიზელის ლოკომოტივს, ელმავალს, საქალაქო რკინიგზისა და მეტროს ვაგონებს დიზელის ძრავს და აშ. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ ბოლო 5 წლის განმავლობაში გადააჭარბა 1.7 მილიარდ დოლარს. კომპანიამ აწარმოა 3000 ერთეული HXD3 AC-AC ტიპის ასინქრონულ ძრავიანი ელმავალი, რაც ჩინეთის ბაზრის 50%-ს შეადგენს. კომპანიას მიღებული აქვს უდიდესი გამოცდილება და წარმოებაში დამკვიდრებული აქვს მოწინავე ტექნოლოგიები.
საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით 8 სექტემბერს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.
პრემიერს ჩინეთში თან ახლავს: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სხვანი.
ფორუმი „ზაფხულის დავოსი“ ჩინეთში 2007 წლიდან ტარდება. მისი ძირითადი ამოცანაა თანამშრომლობის ინტერქტიული პლატფორმის შექმნა, რომლის ბაზაზეც მთელი მსოფლიოს სწრაფად მზარდი კომპანიები ერთობლივად შეძლებენ სამრეწველო და კომერციული განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას.