თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კონკურსი „ჩემი თბილისობა“, რომელიც „თბილისობის“ დღესასწაულის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენას ისახავდა მიზნად და თბილისის მერიამ აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადა, დასრულდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდა, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური.
კონკურსში, 8 ხმით, ნინო ლელაშვილის კონცეფციამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე, 4 ხმით, სტუდია 123-ის, ხოლო მესამე ადგილზე, 3 ხმით, პაატა ციკოლიას პროექტი გავიდა. გამარჯვებულები თბილისის მერმა დაასაჩუქრა.
„კონკურსზე ძალიან ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი იდეა შემოვიდა და მათ შორის საუკეთესოები კომისიის წევრებმა შეარჩიეს. თბილისობა — სახალხო დღესასწაულია და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ღონისძიებების დაგეგმვაში“, — განაცხადა ნარმანიამ.
საუკეთესო კონცეფციის ავტორს 14 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს — 9 000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს — 7 000 ლარი გადაეცემა.
წელს „თბილისობა“ 17-18 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულის დაგეგმვის პროცესში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური გამარჯვებულ სამ კონცეფციას გააერთიანებს და სწორედ ამ კონცეფციებში მოცემული იდეების საფუძველზე მოხდება დღესასწაულის შემადგენელი ღონისძიებების დაგეგმვა.
კონკურსი „ჩემი თბილისობა“ 5 აგვისტოს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შეტანა ქალაქ თბილისის მერიაში 18 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ. 2 კვირის განმავლობაში ქ. თბილისის მერიაში 21 პროექტი შევიდა. საკონკურსო კომისიამ, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს, 3 საუკეთესო კონცეფცია გამოავლინა. აღნიშნული კონცეფციები გახდა საჯარო, მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტებს და ონლაინ რეჟიმში ხმა მიეცათ სასურველი კონცეფციისთვის. გამარჯვებულის გამოვლენისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, „სტუდია 1 2 3“-ის კონცეფციას დაემატა ხალხის ერთი ხმა და პროექტმა მეორე ადგილი დაიკავა.
„თბილისობის“ აღნიშვნის ისტორია 1979 წლიდან მოდის. იგი მხოლოდ 1989-94 წლებში არ აღინიშნებოდა.