თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი კინომსახიობი ნასტასია კინსკი საქართველოს მეათე საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის BIAFF 2015-ის ფარგლებში ეწვევა, რომელიც ბათუმში 13-20 სექტემბერს გაიმართება.
კინოვარსკვლავი 14 სექტემბერს, მსოფლიოს კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.
ბათუმში ნასტასია კინსკი ვენეციიდან ჩავა, სადაც ის 72-ე ვენეციური ფესტივალის სახე იყო.
კინსკის გარდა, ბათუმში ელოდებიან უცხოელ სტუმრებს აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან. ასევე ფესტივალის სტუმრებს შორის არიან ცნობილი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი, ლანა ღოღობერიძე, მსახიობები მერაბ ნინიძე, ბაადურ წულაძე, მაია კომაროვსკაია და სხვები.
კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორის 80-მდე ფილმი. ღონისძიებას ოთარ იოსელიანის ფილმი — „ზამთრის სიმღერა“(2015, საფრანგეთი-საქართველო) გახსნის.
BIAFF 2015 შემადგენლობაშია საერთაშორისო კონკურსი (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი სექცია), ოსტატთა კოლექცია,ქართული კინოს პანორამა, ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია, ასევე მასტერკლასები და ღია ცის ქვეშ გამართული რეტროსპექტივები.
საერთაშორისო კონკურსში პრიზების შემდეგი კატეგორიებია გათვალისწინებული — გრან-პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის და ქალის როლი, სპეციალური პრიზი ჟიურისაგან, რომლის თავმჯდომარეა ალექსანდრ მინაძე (რუსეთი).
BIAFF —ზე ასევე გაიცემა პრიზები საუკეთესო დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის.
კინოფესტივალი ბათუმში ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ჩატარდება — კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმროების Radisson და Divani საკონფერენციო დარბაზებში, ასევე ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.
კინოთეატრ „აპოლოში“ ბოლო ორი სეანსის გარდა, კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა „დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში“ გადაირიცხება, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის BIAFF 2015 ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, პარტნიორია ბათუმის მერია.