თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კლასიკური მუსიკის მესამე საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest ბათუმში 2015 წლის 10-15 სექტემბერს ჩატარდება.
ფესტივალი ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, საქართველოს კულტურის მოღვაწეთა შორის პირველმა „იუნესკოს არტისტმა მშვიდობისთვის“ — ელისო ბოლქვაძემ დააარსა.
ღონისძიების გახსნაზე, რომელიც 10 სექტემბერს, 19 საათზე ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება, ელისო ბოლქვაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის თანხლებით დაუკრავს, რომელსაც ფრანგი ლორან პეტიჟერარი (Laurent Petitgirard) უდირიჟორებს.
კონცერტზე ფრანკისა და ჩაიკოვსკის მუსიკა აჟღერდება.
ბათუმის ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლის დარბაზში 11 სექტემბერს რუსი პიანისტის ეკატერინე გუმენიუკის სოლო კონცერტი გაიმართება, რომელიც რაველის, ლისტისა და შოპენის მუსიკას შეასრულებს.
ბათუმის მუსიკალური ცენტრი 12 სექტემბერს მსმენელს აზერბაიჯანელი პიანისტის ფარხად ბადალბეილის კონცერტზე იწვევს. ორკესტრს დმიტრი იაბლონსკი (აშშ) უდირიჟორებს.
მევიოლინეების — მიში სიგიურასა (იაპონია) და ილია კონოვალოვის (ისრაელი), ასევე პიანისტ ვიქტორია ჰირშჰუბერის (ავსტრია) საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 13 სექტემბერს არის დაგეგმილი.
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 14 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად იმღერებს სოპრანო თურქეთიდან სერენ აქიოლდაში.
ფესტივალი 15 სექტემბერს, პიაცას მოედანზე, საზეიმო გალა-კონცერტით „მუსიკა მშვდობისთვის“ დასრულდება, რომელიც იუნესკოს 70 წლისთავს მიეძღვნება.
საღამოს სპეციალური სტუმარი ცნობილი ქართველი ტენორი ზურაბ სოტკილავა იქნება. კონცერტზე ასევე გაიჟღერებს კომპოზიციები ცნობილი ქართული ანსამბლის „ქართული ხმების“ შესრულებით.
ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა სირიელ ლტოლვილ ბავშვებს მოხმარდება.