თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უნგრულმა ტელეარხმა N1TV სამსახურიდან ოპერატორი ქალბატონი პეტრა ლაზლო გაათავისუფლა , რომელიც ფეხს უდებდა სირიელ ლტოლვილებს და ასე ცდილობდა ხელი შეეშალა მათთვის რესკეს ბანაკიდან გაქცევასა და პოლიციისგან მიმალვაში, იუწყება გაზეთი Telegraph.
ვიდეო "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ატვირთა გერმანელმა ჟურნალისტმა სტეფან რიხტერმა (Stephan Richter), რის შემდეგაც ჩანაწერი ყველა სოციალურ ქსელს მოედო და საზოგადოების მხრიდან რისხვის ძლიერი ტალღა მოჰყვა.
„ტელეარხ N1TV–ის თანამშრომელთა ქცევა რესკეს ბანაკში მიუღებელია. ჩვენ შევწყვიტეთ თანამშრომლობა ოპერატორთან და ინციდენტს ამოწურულად მივიჩნევთ“, — ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში და ასევე მის "ფეისბუქის" გვერდზე.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, N1TV ულტრამემარჯვენე პარტია „იობიკს“ ეკუთვნის, რომელიც ანტიმიგრაციულ პოლიტიკას ქადაგებს.