თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემერ–მინისტრმა დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაახლოება ხელს არ უშლის საქართველოს, ჰქონდეს პრაგმატული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
„ჩვენი მიზანია ევროკავშირთან მეტი დაახლოება… მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს არ გვიშლის ხელს, გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები აზიის ქვეყნებთან, ასევე გვქონდეს პრაგმატული და ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან“, — განაცხადა ღარიბაშვილმა „თანამედროვე აბრეშუმის გზის“ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა მთავრობის პოლიტიკის პრაგმატულობას რუსეთის მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
„თუ შევხედავთ ახალი მთავრობის პოლიტიკას, რომელსაც მე წარმოვადგენ, ნახავთ, რომ ჩვენ ვართ ძალიან პრაგმატულები მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობაში“, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.