ზაზა ფაჩულია: მაკედონიის წინააღმდეგ სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა ვითამაშოთ

© photo: Sputnikკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგორ კოკოშკოვის გუნდი იმ ვითარებაშია, როცა მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული ჯგუფში ადგილების განაწილება და შესაბამისად, 1/8 ფინალში გასვლა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებებს შორის ოთხშაბათს, 9 სექტემბერს გამართულ მატჩზე გადაწყდება, შეინარჩუნებს თუ არა ქართული გუნდი ბრძოლის გაგრძელების შანსს თუ თავის ევროპულ კამპანიას დაასრულებს.

იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის სტადიაში გადავიდეს, სამი პირობაა საჭირო: 

1. მაკედონიასთან დღეს გამართულ თამაშში არანაკლებ ხუთი ქულის სხვაობით უნდა მოიგოს; 

2. ჰოლანდიელებმა ჯგუფში დარჩენილი ორივე მატჩი უნდა წააგოს (ხორვატიასთან და საბერძნეთთან); 

3. მაკედონიამ დასკვნით ტურში სლოვენიასთან უნდა წააგოს.

ნებისმიერ სხვა შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ყველანაირ შანსს კარგავს და „ცე“ ჯგუფიდან გადის.

იგორ კოკოშკოვის გუნდი იმ ვითარებაშია, როცა მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული ჯგუფში ადგილების განაწილება და შესაბამისად, 1/8 ფინალში გასვლა.

„დღეს ძალზე მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. ეს მატჩი ჩვენთვის საუკეთესო უნდა გახდეს არა მხოლოდ ევროკალათბურთზე, არამედ მთლიანად სეზონშიც. მე არ დავეთანხმები მათ, ვინც მაკედონიას სუსტ გუნდად მიიჩნევს. მათი შედეგები ბევრ რამეზე მეტყველებს, ხოლო თამაშის ხარისხი მაღალ დონეზეა“, — განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ.

საქართველოს ნაკრები მაკედონიის გუნდს სამჯერ შეხვდა. ორჯერ ევროკალათბურთი-2005-ის შესარჩევ ციკლში (გასვლით თამაშში წააგო 77:81, სახლში მოიგო 73:60) და 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე. მაშინ ქართველებმა სულ რაღაც ორი ქულით წააგეს — 63:65.

საქართველოს და მაკედონიის ნაკრებებს შორის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 


ყველა ახალი ამბავი
0