მერკელმა ლტოლვილთა ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად დაასახელა

გამოწერა
კანცლერის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში პოლიტიკური დევნის ან რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზით არ ჩასულან, „გერმანიაში ვერ დარჩებიან“.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ლტოლვილთა ინტეგრაცია უახლოეს მომავალში მთავარი პრიორიტეტი იქნება, ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ გერმანიაში ჩასულებს ამ ქვეყანაში არსებული წესების პატივისცემა მოუწევთ.

„მათ (ლტოლვილებს)სჭირდებათ ჩვენი დახმარება, რათა სწრაფად ინტეგრირდნენ, მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება გერმანული ენის სწრაფად შესწავლაში, მათ მალე უნდა იპოვონ სამუშაო. ბევრი მათგანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გახდება და ჩვენ 60-იანი წლების გამოცდილებას უნდა დავუბრუნდეთ, როდესაც მუშახელს სხვა ქვეყნებიდან ვიწვევდით… ინტეგრაცია ძირითადი პრიორიტეტი უნდა იყოს“, — განაცხადა კანცლერმა.

ამასთან, კანცლერის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში პოლიტიკური დევნის ან რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზით არ ჩასულან, „გერმანიაში ვერ დარჩებიან“. 

„ბევრი, რომელთა აქ ყოფნაც გვახარებს, სრულიად განსხვავებული კულტურებიდან ჩამოდიან და აუცილებელია, მკაფიოდ მივუთითოთ, რა წესებია ჩვენთან. ესეც ღია საზოგადოების ნიშანია. ჩვენ არ შეგვიძლია თვალები დავხუჭოთ ისეთი გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც უარყოფს ინტეგრაციას ან პარალელურ საზოგადოებას აყალიბებს. ამაში ტოლერანტობა არ უნდა იყოს“, — განაცხადა მერკელმა.

მან დასძინა, რომ „სამწუხარო და სამარცხვინოა“, როცა ლტოლვილთა თავშესაფრებს თავს ესხმიან, როცა ადმაიანებს შეურაცხყოფას აყენებენ, როცა სულელურ, სიძულვილით სავსე განცხადებებს ავრცელებენ. „ჩვენ ამას სამართლებრივი სახელმწიფოს მთელი სისასტიკით აღვკვეთთ, მათ შორის — ინტერნეტში“, — განაცხადა პოლიტიკოსმა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0