თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი გახდა ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ 2015 წლის გამარჯვებულთა სახელები.
დაჯილდოების ცერემონია 7 სექტემბერს ბაგრატიონთა დინასტიის სასახლეში — „შატო მუხრანში“ გაიმართა.
წელს პრემია „საბა“ მხოლოდ ცხრა ნომინაციაში გაიცა. ჟიურის გადაწყვეტილებით, პიესის ნომინაციაში 2015 წელს, ლიტერატურული პრემია „საბა“ არ გაიცა. მათივე გადაწყვეტილებით, ჯილდო, რომელიც განსაზღვრული იყო პიესის ნომინაციისთვის, არ გაუქმდა და ერთ-ერთ ნომინაციაში — საუკეთესო თარგმანი — ორი გამარჯვებული გამოვლინდა: ხათუნა ცხადაძე — უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ (გამომცემლობა „დიოგენე") და ლელა დუმბაძე — ვირჯინია ვულფის "გზა შუქურისკენ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
„საბას“ სხვა მფლობელთა სია ასე გამოიყურება: საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი — გიორგი წიკლაური, პიტერ აკროიდის „ლონდონი", თარგმანი (გამომცემლობა „აზრი");
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა — მალხაზ ხარბედია, „ტექსტი და სიმართლე" (გამომცემლობა „აზრი");
საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა — ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
საუკეთესო თარგმანი — ხათუნა ცხადაძე — უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ (გამომცემლობა „დიოგენე");
ლელა დუმბაძე — ვირჯინია ვულფის "გზა შუქურისკენ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
საუკეთესო პროზაული კრებული — გოგი ჩაგელიშვილი, „მხატვარი" (გამომცემლობა „ინტელექტი");
საუკეთესო პოეტური კრებული — პაატა შამუგია, „შიზოგადოება" (გამომცემლობა „ინტელექტი");
საუკეთესო რომანი — აბო იაშაღაშვილი, „როიალ-მერი" (გამომცემლობა „დიოგენე");
ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი — ქრისტიანე ლიხტენფელდი — ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გერმანული თარგმანისთვის;
პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის — ბესიკ ხარანაულის გადაეცა.
წელს ლიტერატურულ კონკურსზე „საბა“ ავტორებისა და გამომცემლობების მიერ წარმოდგენილ იქნა 2014 წელს გამოცემული 315 წიგნი, 9 ნომინაციის მიხედვით, რომელთაგან ფინალში მხოლოდ 46 გამოცემა მოხვდა. ყველაზე ღირსეული წიგნებისა და ავტორების გამოვლენას „საბას“ ჟიურიმ 8 თვე მოანდომა.
„საბა 2015-ის „ ჟიურის წევრები წელს იყვნენ მთარგმნელი და ბიბლეისტი ზურაბ კიკნაძე, მთარგმნელი ქეთი ქანთარია, ფილოლოგი და მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი, პოეტი ზვიად რატიანი და მწერალი დავით ტურაშვილი.
მუსიკალური საღამო თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა გააფორმა ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. ასევე სოლისტ ვოკალისტებმა — ნატო კახიძემ, ნეკა სებისკვერაძემ, მაკა ზამბახიძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, გოგა მესხმა და ბუკა კარტოზიამ.
სპეციალური პრიზის — „საბას“ სიმბოლური სტატუის გარდა, გამარჯვებულებმა ფულადი პრემიებიც მიიღეს. პრემიალური ფონდი 44 ათას ლარს შეადგენდა.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ TBC ბანკმა, საქართველოს პენ-ცენტრმა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 2003 წელს დააფუძნეს. მისი მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.