თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ჩეხეთის სამთავრობო დელეგაცია, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადას ესტუმრა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებას გაეცნო, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამშაბათს, 8 სექტემბერს.
„დელეგაციის წევრებს ძალიან მოეწონათ IV მექანიზირებული ბრიგადის ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი შესაძლებლობები. ჩვენი ჩეხი მეგობრები აფასებენ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეაქვს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს IV მექანიზირებული ბრიგადა, რომელიც ამ კუთხით გამორჩეულია. დღესაც ამ ბრიგადის ერთი ბატალიონი თავის ამოცანებს ავღანეთში ასრულებს,“ — განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
მოგვიანებით, სტუმრებმა ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბრიგადაში გადაინაცვლეს და ქართული ავიაციის შესაძლებლობებს გაეცნენ, — ნათქვამია პრესსამსახურის შეტყობინებაში.
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ კანდერი (David Kadner) და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტომაშ კუჩტა (Tomas Kuchta), საქართველოში ორშაბათს დილით ჩამოვიდნენ. სტუმრები უკვე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბესიკ ლოლაძეს, ასევე კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელს ანდრეი გოცირიძეს.
ჩეხეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სამხრეთ ოსეთთან (ცხინვალის რეგიონი) ადმინისტრაციული საზღვრის მონახულება.