მუსლიმთა სამმართველო: ტაძარი ვიდეო კლიპის გადასაღები მოედანი არ არის

გამოწერა
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მოუწოდებს შესაბამის უწყებებს მოახდინონ სათანადო რეაგირება აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik . აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მდებარე ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე ტელეკომპანია ATV-ს მიერ ვიდეო კლიპის გადაღების ფაქტს გმობს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო.

 ვიდეო-კლიპის სცენარით,  უცნობი კაცი და ქალი, რაღაც განძის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი, ორ კათოლიკე ბერს ჯოხის თავში ჩარტყმით გონებას დააკარგვინებენ, მათ სამოსს ჩაიცვამენ და ტაძარში შევლენ. სამალავში სანუკვარ ნივთს მიაგნებენ. ქალი ნივთთან ერთად გაიქცევა, მამაკაცი კი დარჩება და შემოსულ სხვა სასულიერო პირებს (კათოლიკე ბერების ჩაცმულობით) აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით მოიგერიებს. 

 საქართველოს საპატრიარქომ 7 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღშფოთება გამოთქვა ვიდეო კლიპის გადაღების ადგილისა და ფორმის გამო, რის შემდეგაც ტელეკომპანია ATV-მ შეწყვიტა კლიპის ჩვენება. 

 „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მდებარე ქურმუხის ტაძრის ტელეკომპანია ATV-ს დიზაინ-ჯგუფის მიერ კლიპისათვის გადასაღებ მოედნად გამოყენების ფაქტს. სამლოცველო ის ადგილია, სადაც სრულდება ლოცვა-ვედრება, ღმერთის დიდება და დაუშვებელია მისი სხვა მიზნებისათვის გამოყენება“, ნათქვამია სამმართველოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

 საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მოუწოდებს შესაბამის უწყებებს მოახდინონ სათანადო რეაგირება აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით.

  თავის მხრივ ტელეკომპანია ATV-მ 7 სექტემბერსვე გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ  ამ ვიდეოჩანაწერის დემონსტრაცია არ ისახავდა მიზნად ვისიმე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. მისი მიზანი აზერბაიჯანის ისტორიული ადგილებისა და ბუნების დემონსტრირება იყო.


ყველა ახალი ამბავი
0