თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ სამშაბათს, 8 სექტემბერს, იუნკერთა პირველი ნაკადი გამოუშვა 105 კაცის შემადგენლობით. დღეიდან მათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება — ლეიტენანტი მიენიჭათ, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ მიულოცეს და ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადასცეს. პირადი შემადგენლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.
„მნიშვნელოვანია, როდესაც თავდაცვის აკადემიაში კურსანტები ასრულებენ სრულ სასწავლო ციკლს, მაგრამ დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს იუნკრების პირველი გამოშვებაა. გაცილებით დიდია მათზე პასუხისმგებლობა, მათ მიმართ მოლოდინი. შემდეგი თაობები მათი შემყურენი არიან. როგორი იქნება ეს 105 ახალგაზრდა, გარკვეულწილად, განაპირობებს ამ აკადემიის კურსანტების შემდგომი თაობების ბედს. დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება ქვეყნის გარეთ და მეტად პროფესიონალები დაუბრუნდებიან ქვეყანას“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ.
კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალი აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.
„შესანიშნავი დღეა ქართული შეიარაღებული ძალებისთვის. უკვე გვყავს ოფიცრები, რომლებმაც დაასრულეს 4-წლიანი კურსი, მათ შორის არიან უმაღლესდამთავრებულები, რომლებმაც ერთწლიანი კურსი გაიარეს. სწორად დაგეგმილმა სასწავლო პროცესმა მოგვცა საშუალება, მიგვეღო კარგად მომზადებული, მოტივირებული ოფიცრები“,- განაცახადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ცერემონიალი ფიცის მიღებით გაგრძელდა. უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე, ღვთისა და ერის წინაშე, ფიცი 105-მა იუნკერმა დადო. ისინი სხვადასხვა სამხედრო სპეციალობის მიხედვით კურსების გავლის შემდეგ გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ფინანსდება. ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების ოთხწლიანი პროგრამა 2011 წელს განახლდა. საწყის საბრძოლო მომზადების კურსზე 147 იუნკერი ჩაირიცხა, მათგან აკადემიაში სწავლა 134-მა იუნკერმა განაგრძო. კურსი დაამთავრა 105-მა იუნკერმა, მათგან 39-მა მიიღო ინფორმატიკის ბაკალავრის დიპლომი, ხოლო 66 იუნკერმა — მენეჯმენტის.
მაღალი რეიტინგის მქონე იუნკერებს კურსის დამთავრების შემდეგ საშუალება ეძლევათ, სწავლა ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წამყვან სამხედრო სასწავლებლებში განაგრძონ.