თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ქ. კრინიცაში (პოლონეთი) 25-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ქ. კრინიცაში 8–10 სექტემბერს გაიმართება, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელების მნიშვნელოვან შეხვედრას წარმოადგენს.
ფორუმის მიზანი – ევროკავშირის წევრ–სახელმწიფოებსა და მის პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის, ახალი ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობაა.
დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვა ფორუმის პანელზე, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ეძღვნება. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობის მატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრებს.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს, ასევე, დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან ვლოდჟიმირჟ ჩჟიმოშევიჩსა (Wlodzimierz Cimoszewicz) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან თავდაცვის საკითხებში ლიამ ფოქსთან (Liam Fox).
ორმხრივი შეხვედრების ძირითადი თემა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა იქნება.
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის თაობაზე შეთანხმება, 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი.
პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს ევროკავშირის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.