თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ჩეხეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა ორშაბათს, 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტომაშ კუხტა (Tomas Kuchta), პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ კანდერი (David Kadner) და ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრები საქართველოს ორშაბათს, 7 სექტემბერს ეწვივნენ.
„ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები“, — განაცხადა ლოლაძემ.
შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვისაც. „ორივე მხარისთვის საინტერესო ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ. საქართველოს თავდაცვის უწყებაში… ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე, რომლებშიც საქართველოს ჩეხეთის დახმარება სჭირდება“, — აღნიშნა დავიდ კანდერმა.
სტუმრები უკვე შეხვდნენ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს და ასევე გაეცნენ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ბიუროს მუშაობას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან. სტუმრები ადგილზე გაეცნობიან ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებას.