საქართველო: ჯაზი - ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

© photo: Sputnik / Пищальников / გადასვლა მედიაბანკში"ორერა"
ორერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ ბროლაძე

საქართველოს დედაქალაქმა მსოფლიო ჯაზის რუკაზე, როგორც ჯაზური მუსიკის ერთ-ერთმა ცენტრმა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მყარად გაიდგა ფესვები. ეს ყოველწლიური ჯაზის ფესტივალის დამსახურებაა, რომელიც თბილისში 1995 წლიდან უცვლელად ტარდება. ეს რაც შეეხება შემოდგომის ფორუმებს, მაგრამ ამას გარდა, კიდევ გასათვალისწინებელია ყოველწლიური საზაფხულო ფესტივალები ბათუმის სანაპიროზე. სხვათა შორის, საქართველოში ჯაზური მოძრაობები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო, გააქტიურდა 70-იან წლებში, ხოლო 80-იან წლებში ფესტივალები ჩატარდა, რომლებმაც ჯაზის მოყვარულებზე წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია სენსაციური ფესტივალი 1989 წელს, რომელმაც ერთდროულად რვა ამერიკული ანსამბლი შეკრიბა და თითოეულ მათგანში ლეგენდარული შემსრულებლების — უმაღლესი რანგის ვარსკვლავების ყოფნამ — ყველა მოლოდინს გადააჭარბა. როგორ ხდებოდა ეს ყოველივე?

1. „დათბობის“ მუსიკა საბჭოთა შეფუთვაში

უდიდესი ამერიკელი საქსოფონისტი ჯონ კოლტრეინი, რომელსაც „ჯაზის მესიას“ უწოდებენ, ამტკიცებდა, რომ ეს მუსიკა პირდაპირ სულს წვდება. „ჯაზს ჩვენი მოღალატე, გზას აცდენილი მსოფლიოს შეცვლა შეუძლია“, — მიაჩნდა მას.

„მთავარია ის, თუ რისი მიცემა შეუძლია მუსიკოსს მსმენელისთვის, ეს საოცარ ზმანებათა სურათია, რომელიც მისთვის სამყაროში იხსნება“, — ამბობდა ის — ფილოსოფოსი საქსოფონით ხელში.

სულიერება, ოცნება, არტისტულობა და იმპროვიზაციისადმი მიდრეკილება ადამიანებს ოდითგანვე ახასიათებთ. უკვე მთელი ასწლეულია, რაც ჯაზი სხვადასხვა სტილს, მიმართულებებსა და გამოხატვის ფორმებს ქადაგებს, მაგრამ კოლტრეინის ოცნება, მისი დახმარებით განკურნოს და გადაარჩინოს „მოღალატე სამყარო“ — ჯერ კიდევ არაა რეალიზებული. ამოცანა ძალზე მძიმეა, თუმცა, ამ მუსიკის გარეშე, როგორც მთლიანად ხელოვნების გარეშე, კაცობრიობის ცხოვრება კიდევ უფრო დათრგუნული იქნებოდა. მაგრამ ასწლეულს უკვალოდ არ ჩაუვლია: ჯაზი საყოველთაოდ გავრცელდა და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ გამხდარა. ამას ხელს უწყობდა სწორედ ის სულიერება, არტისტიზმი და იმპროვიზაციისადმი ლტოლვა და მუსიკალობა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას, ან უფრო კონკრეტულად, მოქალაქეთა იმ კულტრულ ფენას, რომელიც უკეთ მომზადებული შეხვდა ახალი ხელოვნების აღქმას, იმის საშუალება მისცა, რომ შეესრუტათ მანამდე უცნობი მუსიკის განსაკუთრებულობები.

ჯაზმა საქართველოში 50-იანების შუა წლებში თუ გავითვალისწინებთ მისი აღმოცენების ადგილობრივ პირობებს, გასაგები სიფრთხილით, თავდაპირველად გაუბედავად გაიჟღერა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში პირველი ჯაზ-ტრიო უფრო ადრე, 70 წლის წინ შეიქმნა. საქართველოს ფილარმონიის აწ განსვენებული დირექტორი დორიან კიტია ერთხელ იხსენებდა, რომ 1945 წლის 9 მაისს, საყოველთაო ზეიმის დღეს, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საათნახევრიანი კონცერტი გაიმართა, სადაც ათი წუთი სამი სტუდენტის — გიტარისტის, კონტრაბასისტისა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულებლის გამოსვლას დაეთმო. ტრიოს დიდხანს არ უარსებია, მაგრამ ასეთი ფაქტი მოხდა.

კიდევ ათი წელი გავიდა და გაჩნდა პირველი ჯაზ-ორკესტრები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში შეიქმნა: მაგალითად, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. შემდეგ შეიქმნა საესტრადო ორკესტრი „რერო“. ანსამბლებს ხელმძღვანელობდნენ იოსებ ტუღუში, დანიილ ბრასლავსკი, ადოლფ ოვანოვი, კონსტანტინ პევზნერი. ყველა მათგანი პოპულარული და წარმატებული იყო. ძირითადად ასრულებდნენ პატრიოტულ სიმღერებს, პაროდიულ ნომრებს, სადაც ცხოვრების დასავლურ წესს აკრიტიკებდნენ, ქართულ, რუსულ და სხვა საესტრადო სიმღერებსა და ინსტრუმენტულ მუსიკას. ხანდახან ამერიკული მუსიკის იმ ნიმუშებსაც ასრულებდნენ, მათ შორის მუსიკას კინოფილმებიდან, რომლებიც რეპერტუარისთვის მისაღებად ითვლებოდა. მაგრამ ეს იშვიათობა, გამონაკლისი შემთხვევები იყო.

ჩამოდიოდნენ არაჩვეულებრივი ჟღერადობის ორკესტრები, რომელთაც იმ დროისთვის შესანიშნავი რეპერტუარი ჰქონდათ, მათი ხელმძღვანელები იყვნენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები, კომპოზიტორები და ინსტრუმენტალისტები. საკმარისია მოსკოვიდან და ლენინგრადიდან ჩამოსული გასტროლიორების დასახელებაც —  ორკესტრები ალექსანდრ ცფასმანის, ლეონიდ უტესოვის, იაკობ სკომოროვსკის, ედი როზნერის, ოლეგ ლუნდსტრემის, ბორის რენსკის ხელმძღვანელობით, მოსკოვის ქალთა სასულე ორკესტრი. ასევე ჩამოდიოდნენ ორკესტრები ბაქოდან და ერევნიდან.

შემდეგ, 50-იანი წლების ბოლოს, როდესაც სსრკ-ისა და დასავლეთის გამყოფი იდეოლოგიური „რკინის ფარდა“ ასე თუ ისე, ღია იყო, საქართველოში ემიგრანტებმა დაიწყეს დაბრუნება, თავის ორკესტრთან ერთად შანხაიდან დაბრუნდა მესაყვირე გიორგი გაბესკირიაც.

მან საქართველოში ჯაზისადმი ინტერესი უფრო გაამძაფრა, ასრულებდა ხარისხიან მუსიკას დააჩვენებდა სოლისტ-შემსრულებლების მაღალ ოსტატობას. იმ პერიოდში კინოეკრანებზე ფილმი „მზიური ველის სერენადა“ გამოვიდა, სადაც ამერიკელი ტრომბონისტის გლენ მილერის ორკესტრი მონაწილეობდა. ამ ფირმა იმდენად დაიპყრო მაყურებელთა წარმოსახვა, რომ ჯაზური და კერძოდ, საორკესტრო მუსიკით გატაცების დამატებით სტიმულად იქცა.

თბილისში მალევე შეიქმნა საკუთარი — დიდი და პატარა ორკესტრები. ისინი გამოდიოდნენ სკვერებში და კონცერტებზე ფილარმონიის დარბაზებში, საწარმოებში, უკრავდნენ კინოთეატრებში სეანსის დაწყებამდე. რესპუბლიკის ახალგაზრდობის სასახლეში, მრავალ წრესთან ერთად, გაჩნდა სასულე ორკესტრის წრეც, სადაც ასწავლიდნენ დაკვრას საყვირზე, საქსოფონზე, ტრომბონსა თუ ვალტორნაზე. „სასულეთა სკოლას“ სათავეში პედაგოგი და მუსიკოსი ნიკოლოზ ჭიჭინაძე ედგა. ორკესტრი საზეიმო სამოქალაქო აღლუმებში თითქმის ყოველთვის მონაწილეობდა. 

კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა და სერიოზულად გაიტაცა ამ მუსიკამ. გამოჩნდნენ მაშინდელი ვინილის ფირფიტების კოლექციონერები. მათი ფონოტეკები ასეულობით და ზოგჯერ ათასეულობით გრამფირფიტას ითვლიდა მიუხედავად იმისა, რომ მათი შეძენა, როგორც მაშინ ამბობდნენ — „შოვნა“, ადვილი არ იყო. ეს მოუსვენარი, ყოჩაღი ადამიანები ერთმანეთს ინფორმაციებს აწვდიდნენ, ერთმანეთის მაგნიტოფონებიდან მუსიკას იწერდნენ, უსმენდნენ, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს  უზიარებდნენ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ჯაზის კლიმატს აუმჯობესებდნენ. ამ საგანძურის მფლობელი, ჯაზზე შეყვარებული თბილისელი ბიჭების სახელები დილიდან საღამომდე ყველას პირზე ეკერა. ესენი იყვნენ: გაიოზ კანდელაკი, ემილ მატევოსოვი, ზაურ ჭითავა, გივი გაჩეჩილაძე, თამაზ ყურაშვილი, რომან გუმაშიანი, გურამ კანდელაკი და სხვა.

ისინი აინტერესებდათ, მათი შურდათ, მათგან სწავლობდნენ კოლექციონერობის ხერხების გაგების ხელოვნებას, ნამდვილი, ღირებული მუსიკის გარჩევას ყალბისგან, უკვირდათ მათი მოთმინება, როცა საჭირო დისკს მრავალი დღისა თუ თვის განმავლობაში ეძებდნენ…

 

გაგრძელება იქნება…


ყველა ახალი ამბავი
0