საპატრიარქო: აზერბაიჯანული ტელეარხის ვიდეო-კლიპი მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფს

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქოს განცხადების პასუხად, განცხადებას აკეთებს ტელეარხი ATV, რომლის თანახმად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი არ ისახავდა მიზნად მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანული არხის  ATV- ს ვიდეოკლიპმა, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქურმუხის ტაძარშია გადაღებული, საქართველოს საპატრიარქოს აღშფოთება გამოიწვია. 

 ვიდეო-კლიპის სცენა დაახლოებით ასეთია: უცნობი კაცი და ქალი, რაღაც განძის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი, ორ კათოლიკე ბერს ჯოხის თავში ჩარტყმით გონებას დააკარგვინებენ, მათ სამოსს ჩაიცვამენ და ტაძარში შევლენ. სამალავში სანუკვარ ნივთს მიაგნებენ. ქალი ნივთთან ერთად გაიქცევა, მამაკაცი კი დარჩება და შემოსულ სხვა სასულიერო პირებს (კათოლიკე ბერების ჩაცმულობით) აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით მოიგერიებს. 

  „ამ კადრების გადამღებებმა სათამაშო მოედნად აქციეს ის სივრცე, რომელიც, როგორც მართლმადიდებლებისათვის, ისე მუსლიმებისთვისაც კი უდიდესი თაყვანისცემის ადგილია. აქ ხომ საუკუნეებია კრძალვით, ფეხშიშველნი მოდიან მორწმუნენი, რათა ცრემლით შესთხოვონ წმინდა გიორგის ღვთის წინაშე მეოხება“, — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 საქართველოს საპატრიარქო აღშფოთებულია იმით, რომ გადაღებები ხდება ეკლესიაში და მის ცენტრალურ ადგილში, საკურთხეველში, „რაც სრული უგულებელყოფაა ათასობით და ათიათასობით ადამიანის რელიგიური გრძნობისა“. 

 საქართველოს საპატრიარქო მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი და დროულად მიიღონ სათანადო ზომები მომხდარის გამო.

 საქართველოს საპატრიარქოს განცხადების პასუხად, განცხადებას აკეთებს ტელეარხი ATV, რომლის თანახმად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი არ ისახავდა მიზნად მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. 

 „ჰოლივუდის ფილმებშიც გვხვდება მსგავსი სცენები… არა აქვს მნიშვნელობა მეჩეთში იქნებოდა გადაღებული ეს კლიპი თუ ეკლესიაში, ამიტომ ტელეარხი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ამ ვიდეოჩანაწერის დემონსტრაცია არ ისახავდა მიზნად ვისიმე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. მისი მიზანი აზერბაიჯანის ისტორიული ადგილებისა და ბუნების დემონსტრირება იყო“, — ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში. 

 ამასთან აღნიშნულია, რომ საქართველოს პატრიარქის შეშფოთების გათვალისწინებით, არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება კლიპის ჩვენების შეწყვეტის შესახებ. 

 თუმცა განცხადების ავტორები აქვე დასძენენ — „მაგრამ ეს შეცდომა ახლოსაც ვერ მივა იმასთან, თუ როგორ შეურაცხყოფენ ჩვენს რელიგიურ სიწმინდეებს საქართველოში. ამ საკითხში ჩვენ ველოდებით ასეთივე „მგრძნობელობას“ ზოგიერთი ჩვენი კოლეგისა და საქართველოს პატრიარქისგან“, — ნათქვამია ტელეარხ ATV-ს განცხადებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0