საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიტველ კოლეგას შეხვდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქტომბერში, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველო-ლიტვის ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik.  2015 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა თავის ლიტველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩიუსთან.  შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველო-ლიტვის ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.  

 კვირიკაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა მხარეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დადებითი ტენდენციები. 

 „ძალიან კარგია, რომ ახლო წარსულში ჩვენ შევქმენით ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომისია, რომლის პირველი სხდომა ოქტომბერში შედგება. ვფიქრობ ეს იქნება კიდევ უფრო აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობის დასაწყისი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბატონი ლინკევიჩიუსი საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია. 

 თავის მხრივ ლიტველმა დიპლომატმა დაადასტურა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვის მხარდაჭერა. 

 „მაგრამ მხოლოდ  მხარდაჭერა — არ არის საკმარისი, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიყოთ პროაქტიურები… სულის სიღრმემდე სიმპატიით ვართ განწყობილი თქვენი ხალხის, ერის მიმართ, და ყველაფერს ვაკეთებთ თქვენთვის…“, — თქვა ლინკევიჩიუსმა.

 ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოში ორშაბათს, 7 სექტემბერს ჩამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაში „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“ მონაწილეობის მისაღებად. პოლიტიკოსი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. 


ყველა ახალი ამბავი
0