თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი ტარდება, ნათქვამია ორშაბათს, 7 სექტემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიების მიზანს საზოგადოებისათვის და უცხოელი სპეციალისტებითვის ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და მეთოდოლოგიის, ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის უნიკალურობის, ქართული მეღვინეობის ისტორიისა და კულტურის, მრავალფეროვანი ღვინოებისა და ყურძნის ჯიშების გაცნობა წარმოადგენს.
სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიები და ჟურნალისტები იღებენ, კახეთში, ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ღონისძიების გახსნა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.
ქვევრის ღვინის სიმპოზიუმი, რომელიც ქვერში ღვინის დამზადების ტექნოლოგიას ეძღვნება, საქართველოში პირველად 2011 წელს ჩატარდა. აღნიშნული სიმპოზიუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი 2013 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის შეტანა იყო.
საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაცია,,ქართული ღვინისა“ და ალავერდის მიტროპოლიტი დავითის ინიციატივით ტარდება.