საქართველოს ფეხბურთის ნაკრები დუბლინში ირლანდიის ნაკრებს შეხვდება

© gff.geსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესარჩევ „დე“ ჯგუფში დღეს, 7 სექტემბერს კიდევ ორი მატჩი გაიმართება. შოტლანდიის ნაკრები საკუთარ მინდორზე გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო პოლონეთი გასვლით მატჩს ჩაატარებს ჰიბრალტართან.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ორშაბათს, 7 სექტემბერს დუბლინში გაიმართება. 

შეხვედრის წინ ორივე გუნდი დადებითი ემოციებითაა დამუხტული: საქართველო — იმიტომ, რომ სამი დღის წინ მინიმალური ანგარიშით სძლია შოტლანდიის ნაკრებს თბილისში და ამით პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო საკუთარ მინდორზე ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხოლო ირლანდია — იმიტომ, რომ ჰიბრალტარის გუნდთან შეხვედრა ანგარიშით 4:0 დაასრულა და „დე“ ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. 

საქართველოსა და ირლანდიის გუნდები სულ ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან: ხუთჯერ — ოფიციალურ მატჩებში, ხოლო ერთხელ — ამხანაგურში. ექვსივე შეხვედრა ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა. 

ზუსტად ერთი წლის წინ თბილისში შეხვედრისას, ეიდენ მაკგიდიმ საქართველოს ნაკრების კარში ბოლო წუთზე გაიტანა გოლი და თამაში ანგარიშით 2:1 სტუმრების სასარგებლოდ დასრულდა. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ირლანდიას ოთხი შესარჩევი მატჩიდან არც ერთი არ წაუგია საკუთარ მინდორზე. ორი მოგება და ორი ფრე — ასეთია შეხვედრების შედეგი.  

თავის მხრივ, საქართველოს ნაკრებმა ბოლო 22 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა ჰიბრალტართან. 

სტატისტიკის მიუხედავად, ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარტინ ო'ნილი საუბრისას ფრთხილობს: „ ჩვენ ძალზე რთული მატჩი გველოდება. თუ ვერ გავიმარჯვეთ, ჰიბრალტარის დიდი ანგარიშით დამარცხება ყოველგვარ აზრს კარგავს. ქართველები შოტლანდიელებთან გამარჯვების შემდეგ მოედანზე ამაღლებული განწყობით გამოვლენ, თუმცა, გამარჯვება ჩვენც გვწყურია“. 

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, კახა ცხადაძის გუნდს გარკვეული პრობლემები აქვს შემადგენლობის კუთხით. დუბლინში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე. არც ისაა ცნობილი,  შეძლებს თუ არა დღეს თამაშს თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც მცირედ დაშავდა თბილისში შეხვედრისას. ასევე შინ დარჩნენ გიორგი გველესიანი და ნიკა კვეკვესკირიც. 

მათ მაგივრად გუნდს შეუერთდნენ მათე ცინცაძე და გიორგი პაპუნაშვილი, რომლებიც ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან. 

შესარჩევ „დე“ ჯგუფში დღეს, 7 სექტემბერს კიდევ ორი მატჩი გაიმართება. შოტლანდიის ნაკრები საკუთარ მინდორზე გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო პოლონეთი გასვლით მატჩს ჩაატარებს ჰიბრალტართან. 

თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0