თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. კუნძულ ლესბოსზე, ქალაქ მიტილინში 17 და 19 წლის ორი ახალგაზრდა დააპატიმრეს, რომლებმაც დევნილების კარვებში რამდენიმე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლეს.
თავდასხმის დროს ერთი მიგრანტი დაიღუპა, დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
კვირას, დილით, მიტილინის მუნიციპალურ პარკში 17 წლის მოზარდმა თვითნაკეთი ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, რის შედეგადაც, 30 წლის მიგრანტმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ამის შემდეგ, ორმა ახალგაზრდამ სხვა პარკში გადაინაცვლა და მიგრანტთა თავშესაფრის მისამართითაც გაისროლა, აცხადებს პოლიცია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულებს უკვე წარედგინათ ბრალდება. სისხლის სამართლის საქმე ასევე აღიძრა 17 წლის მოზარდის დედის წინააღმდეგ, რომელმაც არასრულწლოვანი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა.
კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა მოზღვავებული ნაკადის გამო რთული ვითარებაა შექმნილი. დევნილებმა თითქმის მთელ კუნძულზე კარვები გაშალეს, შექმნილი ანტისანიტარული მდგომარეობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. რაც შეეხება კუნძულზე ტურისტების რაოდენობას, იგი მკვეთრად შემცირდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ძირითადად ავღანეთიდან მიგრირებულმა დევნილებმა სამჯერ სცადეს ბორანის ხელში ჩაგდება და პირეოსის პორტში მოხვედრა, საიდანაც მათ შესაძლებლობა მიეცემოდათ გერმანიაში გადასვლის. ადგილობრივმა ძალოვანებმა მოახერხეს ფაქტის აღკვეთა. მიგრანტთა მზარდი რაოდენობიდ გამო, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ასწრებს ყველა მიგრანტის იდენტიფიცირებასა და დარეგისტრირებას.
მიტილინის მუნიციპალიტეტის მერმა ქვეყნის მთავრობას კუნძულზე საგანგებო ვითარების გამოცხადებისკენ მოუწოდა, შაბათს კი ლესბოსის მკვიდრთ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შექმნილი რთული ვითარების მოსაგვარებლად შესაბამის ზომებს არ მიიღებს,
20 სექტემბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.
სულ 2015 წლის 8 თვეში ევროკავშირის საზღვრები 350 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. ექსპერტების აზრით, ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური მიგრანტების ირგვლივ არსებული ვითარება მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული ყველაზე უარესი კრიზისია.