მინისტრი: თბილისი რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატულ დიალოგს განაგრძობს

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დაინტერესებულია რუსეთთან დიალოგით ჟენევის ფორმატში, რომელიც ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითვალისწინებს და ასევე ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების თემაზე დიალოგის გაგრძელებაში.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ახლახან დანიშნული გიორგი კვირიკაშვილი, მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციასთან ყველა არსებული დიალოგის გაგრძელებას და აცხადებს, რომ საქართველო აგრძელებს რუსეთთან პრაგმატულ მაგრამ არა კომპრომისულ პოლიტიკას. 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საგარეო უწყების ხელმძღვანელად სამშაბათს დანიშნა. 

 „რუსეთთან დაკავშირებით უდაოა, რომ არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იმ პრაგმატული მიდგომისა, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას. რუსეთთან მიმართებაში შესანარჩუნებელია ორივე ფორმატი. ერთი, ჟენევის ფორმატი პოლიტიკური დიალოგისთვის იქნება წამყვანი და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების მიღება რუსეთის მხრიდან და რა თქმა უნდა 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა, თუმცა მეორე მხრივ მნიშნელოვანია, რომ გაგრძელდეს აბაშიძე-კარასინის დიალოგი და მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც ამ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში იხილება, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურად პრაგმატულ, თუმცა თანმიმდევრულ და არაკომპრომისულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში", — განაცხადა კვირიკაშვილმა პარასკევს საღამოს ჟურნალისტებთან საუბრისას.

 საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

 ამჟამად დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფონზე გრძელდება. შეხვედრების ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, იქ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განახლების, სატრანსპორტო მიმოსვლის, კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები წყდება. 


ყველა ახალი ამბავი
0