თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ავსტრიაში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 71 მიგრანტი, სავარაუდოდ, უჰაერობისგან დაიხრჩო, რადგანაც ჰერმეტულად დახურულ კონტეინერს სავენტილაციო გაგრილების სისტემის გაუმართაობის გამო, ჰაერი არ მიეწოდებოდა, იუწყება სააგენტო „როიტერი“ ავსტრიის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ლტოლვილები, სავარაუდოდ, უნგრეთის ტერიტორიაზევე დაიხრჩვნენ, რადგანაც სატვირთო მანქანაში 1-1,5 საათის ჰაერის მარაგია. წინასწარი მონაცემებით, ყველა მათგანმა გონი ნელ-ნელა დაკარგა და გარეთ გამოსვლა არც უცდია.
დაღუპულთა ვინაობა დღემდე უცნობია. მათ შორის შეიძლება იყვნენ სირიის, ერაყისა და ავღანეთის მოქალაქეები.
„ჩვენ სულ 17 დოკუმენტი ვიპოვეთ. ამის საფუძველზე შევძელით განგვესაზღვრა, რომ ეს ადამიანთა შერეული ჯგუფი იყო. სატვირთო მანქანაში შეიძლება სირიის, ერაყის, ასევე ავღანეთის მოქალაქეები ყოფილიყვნენ“, — განაცხადა ბურგენლანდის პოლიციის უფროსმა ჰანს პეტერ დოსკოცილმა (Hans Peter Doskozil) პრესკონფერენციაზე.
დოსკოცილმა აღნიშნა, რომ ასევე იპოვეს 40 ტელეფონი და დაღუპულთა სავარაუდო ნათესავებთან კონტაქტის დამყარება შეძლეს.
ტრაგედია 27 აგვისტოს მოხდა. ავსტრიის პოლიციამ ტრასაზე უნგრული ნომრების მქონე სატვირთო მანქანის კონტეინერში დაღუპული 71 მიგრანტი აღმოაჩინა. მათგან 59 მამაკაცია, რვა — ქალი და ოთხი — ბავშვი.
უნგრეთის ხელისუფლებამ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა — ოთხი ბულგარელი და ერთი ავღანეთის მოქალაქე. ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაკავებულთა შორისაა.