სირიელი ბიჭუნას მამა: ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა

© REUTERS/ HANDOUTაილან კურდი
აილან კურდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კურდი ფიქრობდა, რომ ევროპაში მუშაობას დაიწყებდა და თავისი ოჯახისთვის საუკეთესო პირობებს შექმნიდა. ახლა მას ზღვა უკვე სძულს და სულ შვილების დახრჩობის სურათი უდგას თვალწინ.

თბილისი,  4 სექტემბერი – Sputnik. სირიელმა ლტოლვილმა აბდულაჰ კურდიმ, რომელმაც საბერძნეთში მიმავალ გზაზე მთელი ოჯახი დაკარგა, თავისი მწუხარება „სპუტნიკ თურქეთის“ კორესპონდენტს გაუზიარა.

ოთხშაბათს, თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმის პლაჟზე, ზღვამ ორი წლის აილან კურდის ცხედარი გამორიყა. სირიელი ბიჭუნას ფოტოები ინტერნეტში გამოქვეყნდა. ამან მთელი მსოფლიო საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია.

ბიჭუნას მამის თქმით, ის 2012 წლამდე ოჯახთან ერთად სირიის პროვინცია შამში ცხოვრობდა, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთით — ქობანში გადასახლდა. იქ ოჯახი დატოვა და თვითონ სამუშაოდ თურქეთში გადავიდა.

„სტამბოლში მშენებლობაზე ვმუშაობდი, მაგრამ როცა გავიგე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა იერიში ქობანზე მიიტანეს, ოჯახი სტამბოლში გადმოვიყვანე“, — განაცხადა კურდიმ.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობდა, მაინც ძალიან უჭირდათ. მისი ძმა კანადაში მუშაობს, ხოლო და — შვეიცარიაში.

„სწორედ ჩემმა დამ გვირჩია ევროპაში წასვლა. გადავწყვიტეთ, რადაც უნდა დაგვჯდომოდა, იქ გადავსულიყავით“, — განაცხადა კურდიმ.

კურდიმ აღნიშნა, რომ ერთი კონტრაბანდისტი იპოვა, რომელსაც ლტოლვილები გადაჰყავდა. ის საბერძნეთში ჩასვლაში დახმრებას დაჰპირდა, რისთვისაც 1 200 აშშ დოლარი გადაუხადა. კონტრაბანდისტმა მისი ოჯახი ბოდრუმის ერთ-ერთ შეუმჩნეველ სრუტეში გადაიყვანა.

„გვიან ღამით, დაახლოებით შუაღამისას, ოჯახთან და 13 ლტოლვილთან ერთად ნავში ჩავსხედით. ზღვის ნაპირზე ჩვენს გარდა არავინ იყო. უკეთესი ცხოვრების იმედით გავცურეთ. თავს მოულოდნელად დატეხილმა ძლიერმა ტალღებმა ნავის რყევა დაიწყო“, — ჰყვება სააგენტოსთან საუბრისას კურდი.

სანამ ნავი გადაბრუნდებოდა, კონტრაბანდისტმა ზღვაში გადახტომა მოასწრო, აღნიშნა მან.

„ნავი გადაბრუნდა და აღელვებულ ზღვაში აღმოვჩნდით. ჩემი ბიჭების გადარჩენას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ისინი ჩემ თვალწინ დაიხრჩვნენ“, — აღნიშნა მან.

კურდიმ თქვა, რომ კიდევ ხუთი ადამიანი დაიხრჩო, მათგან ორი — სულ პატარა ბავშვი. მხოლოდ რვა ადამიანი გადარჩა, ვინც ცურვა იცოდა.

„სამ საათნახევარზე მეტი ზღვაში გავატარე, შემდეგ მაშველებმა მიპოვნეს“, — განაცხადა კურდიმ.

მისი თქმით, ის ქობანში დაბრუნდება, ოჯახს მშობლიურ მიწას მიაბარებს და მათ გვერდით დარჩება.

„ჩემი შვილები — აილანი და გალიპა, ჩემი ცოლი ზაჰიმა ძალიან მიყვარდა. ვფიქრობდი, ევროპაში კარგად მოვეწყობოდით და ოჯახისთვის საუკეთესო პირობებს შევქმნიდი. ახლა ზღვა უკვე მძულს და თვალწინ სულ ჩემი შვილების დახრჩობის სურათი მიდგას“, — თქვა კურდიმ.

სირიელმა ლტოლვილმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას მიგრანტების დაღუპვის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0