თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. არალეგალურმა მიგრანტებმა, რომლებიც ბუდაპეშტში იმყოფებიან და უნგრეთის ხელმძღვანელობას გერმანიაში გადასვლას სთხოვენ, სააგენტო Sputnik-ს უამბეს იმ გარემოებების შესახებ, რამაც ისინი აიძულა ბუდაპეშტის აღმოსავლეთ რკინიგზის სადგურის (კელეტი) მატარებლები შტურმით აეღოთ.
ხუთშაბათს, უნგრეთის პოლიციამ ორ დღიანი ბლოკირების შემდეგ მიგრანტებს ბუდაპეშტის აღმოსავლეთ რკინიგზის სადგურზე შესვლის საშუალება მისცა. ათასზე მეტი ადამიანი შევარდა შენობაში და შეეცადა მატარებელში მოხვედრილიყო. მანამდე იყო ცნობა, რომ საერთაშორისო მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია „განუსაზღვრელი ვადით“.
მე მაქვს შანსი, რომ იქ მიმიღონ
ახალგაზრდა კაცი სახელად აბდულრახმან სავასი სირიიდანაა. უნგრეთში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა. სანამ გერმანიაში წამოვიდოდა, მისი თქმით, ორი წელი თურქეთში ცხოვრობდა. იგი სამ უცხო ენას ფლობს — ინგლისურ, თურქულსა და არაბულს და იმედოვნებს, რომ ის და მისი ძმა შესძლებენ ნორმალური ცხოვრების აწყობას გერმანიაში, როგორც ეს მანამდე სხვებმა გააკეთეს.
„ყველა ჩემი მეგობარი გერმანიაში წავიდა. ისინი ყველანი ინჟინრები არიან, ისევე როგორც მე. იქ მათ კარგი შესაძლებლობები აქვთ იმუშაონ სპეციალობით. მგონია, რომ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ თუ გერმანიაში ჩავალ. მაქვს დიპლომი, დავასრულე სწავლა და მინდა დოქტორის ხარისხი მივიღო“, — თქვა სავასმა.
მისი თქმით მას არასოდეს ჰქონია პრობლემები უნგრეთის პლიციასთან, ხოლო უნგრელი მესაზღვრეები დაეხმარნენ კიდეც დანიშნულების პუნქტამდე მისვლაში.
ეხლა სავასი დარწმუნებულია, რომ თუკი ვერ შესძლებს გერმანიამდე მატარებლით ჩასვლას, ის შესძლებს „მივიდეს ავსტრიის საზღვრისპირა ქალაქამდე და საზღვარი ველოსიპედით გადაკვეთოს“.
მე სიმშვიდეს მოვიპოვებ
ოცდაშვიდი წლის მოჰამადი ერაყიდან ყვება, რომ სურს აღმოსავლეთ ევროპაში ქიმია შეისწავლოს. „მე მივემგზავრები გერმანიაში ან ლუქსემბურგში. მე იქ სიმშვიდეს მოვიპოვებ“, — თქვა მან.
მოჰამადის თქმით, მას და კიდევ 14 ერაყელ მიგრანტს მოუწია სერბი მესაზღვრეებისათვის ქრთამის მიცემა, რათა უნგრეთის ტერიტორიაზე მოხვედრილიყვნენ. „400 ევრო — 20 კაცისათვის. ჩვენ არ მოგვცეს მანქანა, მან ჩვენ ფეხით წაგვიყვანა…“, — თქვა ახალგაზრდამ.
უნგრელი მესაზღვრეები უფრო შეუვალნი აღმოჩდნენ და მიგრანტებს გაქცევა მოუწიათ. „ჩვენ გადავახტით ბადეს. ეს რთული არ იყო… პოლიციამ სხვები დააკავა, ჩვენ კი გავიქეცით. ამის შემდეგ მე ბუდაპეშტში მანქანით ჩამოვედი, ჩვეულებრივი უნგრული ტაქსით“, — თქვა მოჰამადმა.
ბოლოს მან ჟურნალისტს მიუნხენამდე ბილეთი ანახა, რომელიც 2 დღის წინ შეიძინა და რომლითაც სარგებლობის უფლება მას მისცეს. „ეხლა აქ დარჩენას ვაპირებ. აბა სხვა რა უნდა ვქნა“, —დაასკვნა მოჰამადმა.
დედაჩემი იქ ცხოვრობს და გვენატრება
„მე სირიიდან ვარ. აქ ბავშვთან, მამასთან, ძმასთან და მეგობრებთან ერთად ჩამოვედი“, — თქვა ახალგაზრდა გოგონამ ნურმა, რომელსაც ხელში ჩვილი ეჭირა. მან თქვა რომ 20 კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა.
„ჩვენ შვედეთში მივდივართ, სადაც დედაჩემი ცხოვრობს და იქ იმიტომ მივდივართ, რომ გვენატრება“ — ამბობს ნური, რომელმაც აღნიშნა, რომ გზაზე მიგრანტებს ხშირად აქვთ პრობლემები პოლიციასთან, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა საკმაოდ „კორექტულები“ არიან ჩამოსულებთან.
„ეხლა ჩვენ ველოდებით მატარებელს, მაგრამ შესაძლოა ტაქსით მოგვიწიოს გამგზავრება. ჩვენ გვყავს კაცი, რომელსაც შეუძლია გადაგვიყვანოს, მე მას არ ვიცნობ. ჩვენ გერმანიაში წავალთ და მერე შვედეთში“.
ჩემი ქალაქი მთლიანად დანგრეულია
„გერმანიაში ვაპირებ გამგზავრებას. ეკონომიკა იქ უფრო სტაბილურია. მინდა ლტოლვილის სტატუსი მივიღო“, — ამბობს 35 წლის იუსუფი, რომელიც იძულებული იყო გადაეხადა არალეგალური გადამყვანებისათვის, რათა გზას დადგომოდა, ამასთან მას საკმაოდ დიდი მანძილის ფეხით გავლაც მოუწია.
„თურქეთიდან საბერძნეთში ნავით მოვაღწიე, მერე სერბეთიდან უნგრეთში ფეხით ვიარე. უნგრული პოლიცია ყველგან გვეძებს. მათ ჩვენი შეჩერება უნდათ“.
იუსიფმა აღნიშნა, რომ თავისი ქვეყნის მიტოვების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა.
„ჩემი ქალაქი სირიაში სრულიად დანგრეულია. დავკარგე სამსახური, ყველაფერი რაც მქონდა — დიდი ფერმა, ორი სახლით“, — ამბობს იგი. მიუხედავად ყველაფრისა, იუსუფს სჯერა, რომ წინ კარგი ცხოვრება აქვს: „არა მგონია, რომ გერმანიაში პრობლემები მექნება, რადგან ჩემი ორი ძმა იქ ცხოვრობს. მე მათთან უნდა ვიყო. იმ შემთხვევაში თუ არ მექნება სამუშაო, ისინი მე დამეხმარებიან“.
უნგრეთი ათასობით მიგრანტისათვის, რომლებიც ცდილობენ უფრო განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებამდე მიაღწიონ, სატრანზიტო ქვეყნად იქცა. შედეგად, ქვეყანაში მიგრანტთა უზარმაზარი ნაკადია. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 156 ათასზე მეტმა მიგრანტმა უკანონოდ გადმოკვეთა ქვეყნის საზღვარი.