თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მატარებლები, რომლებიც პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან უნგრეთში მიემგზავრებიან, ბუდაპეშტამდე არ ჩავლენ, ამის შესახებ ხუთშაბათს პოლონეთის საერთაშორისო რკინიგზის გადამზიდავის PKP Intercity-ის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ბეატა ჩემერაიდამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხუთშაბათს, ბუდაპეშტის სადგურ Keleti-ში ლტოლვილებთან დაკავშირებით შექმნილი რთული სიტუაციის გამო. სწორედ ამ სადგურზე ჩადიან საერთაშორისო მატარებლები.
„ამის გამო უნგრეთის დედაქალაქისაკენ მიმავალი მატარებლებისათვის ბოლო სადგური სობი იქნება — სლოვაკეთ-უნგრეთის საზღვარზე. იქიდან ბუდაპეშტამდე ხალხს სხვა სახის ტრანსპორტით სარგებლობა მოუწევთ“, თქვა ჩემერაიდამ პოლონური ტელეარხის TVN24-ის ეთერში.
PKP Intercity-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ასეთივე სისტემა იმუშავებს უკანა მიმართულებითაც — ბუდაპეშტიდან ვარშავაში და სხვა ევროპულ დედაქალაქებში.
პარასკევს პრაღაში ლტოლვილების პრობლემებთან დაკავშირებით, ვიშეგრადის ოთხეულის (ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი) პრემიერთა რიგგარეშე სამიტი გაიმართება, ხოლო ორშაბათს ამავე თემას მიეძღვნება ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ავსტრიის მთავრობის მეთაურთა შეხვედრა, რომელიც ბრატისლავაში შედგება.