თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტ მარგველაშვილის ვეტო ხუთშაბათს, 3 სექტემბერს დაძლია.
ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ ხმა 12–მა დეპუტატმა მისცა, 81–მა კი მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანოში დღვანდელი მდგომარეობით 148 დეპუტატია.
კანონპროექტის კენჭისყრამდე, დეპუტატებმა პუნქტობრივად გაიარეს პრეზიდენტ მარგველაშვილის შენიშვნები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ მათ დასამტკიცებლად ხმათა რაოდენობა არ ეყოთ. საქართველოს პრეზიდენტი ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკის დაქვემდებარეში დარჩენის მომხრე იყო.
საქართველოს პარლამენტში ეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მესამე შემთხვევაა.
მანამდე ოპოზიციურმა ფრაქციებმა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
ოპოზიციის აზრით, სებ–თან დანავშირებით აღნიშნული ინიციატივა უფრო პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი, ვიდრე ეკონომიკური აუცილებლობით.
მანამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით „ხელოვნური აჟიოტაჟი უპასუხისმგებლო“ კრიტიკოსების ბრალია, რაც „ინვესტორების დაშინებას“ ემსახურება.