თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად შეუფერებელია იმისათვის, რომ დასავლეთი უკრაინის გამო რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთოდ იმდენად, რამდენადაც დღის წესრიგში დგას პრობლემები, რომლებიც მხარეებმა ერთობლივად უნდა გადაჭრან, წერს საუდის არაბეთში ირლანდიის ყოფილი ელჩი ნიალ ჰოლოჰანი The Irish Times–ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ასე მთელ მსოფლიოს, მათ შორის, რუსეთსაც და დასავლეთის ქვეყნებსაც, ჯიჰადური ისლამის გავლენის ზრდა ემუქრებათ. ამას გარდა, მოსალოდნელია სირიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების დაშლაც, რაც ასევე საფრთხის შემცველია და რასაც რუსეთი და დასავლეთი ერთიანი ძალებით უნდა აღუდგნენ წინ. მაგრამ მხარეებს შორის დიალოგი ვერ ხერხდება. გაეროს უშიშროების საბჭოში „გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა“. ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ მხარეებს სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს დასავლეთისა და რუსეთის მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, აღნიშნავს ჰოლოჰანი.
„დროა გაუქმდეს ეს სანქციები, სანამ მათ კიდევ უფრო სერიოზული ზიანი მოუტანიათ. აუცილებელია საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც დააკანონებს ყირიმის ანექსიას და ერთიან და განუყოფელ უკრაინაში რუსულენოვანი უმცირესობის უფლებათა დაცვის გარანტი გახდება. ამის შემდეგ რუსეთმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი და მეტი პასუხისმგებლობის მქონე წევრი გახდება“, — წერს ირლანდიელი ექს–ელჩი.
უდავოა, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები საერთაშორისო ნორმების დაცვას უნდა ეფუძნებოდეს, ხაზგასმით აღნიშნავს დიპლომატი. მაგრამ ჯერჯერობით დასავლეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ საერთაშორისო ნორმების დაცვის საკითხში „არის არა მხოლოდ პირფერული, არამედ არაეფექტურიც“, დაასკვნა მან.
„…ევროკავშირისა და აშშ–ის მხრიდან არაკეთილგონიერი იყო გასულ წელს იანუკოვიჩის მთავრობის დამხობა. პოზიცია, რომელიც ევროკავშირმა დაიკავა, აშკარად ანტირუსული იყო. ამასთან, არ გაითვალისწინეს არც ის, რომ უკრაინის ოპოზიციის ნაწილი ულტრამემარჯვენე ელემენტებისგან შედგებოდა, რომელთაგან ზოგი ნეონაცისტური განწყობისა გახლდათ“, — მიაჩნია ჰოლოჰანს.