თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველმა სტუდენტებმა განაცხადები, საქართველოს განათლების სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებაზე, 2 ოქტომბრამდე უნდა შეიტანონ.
სტუდენტი განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში — საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს. განაცხადების მიღება დაწყებულია.
„2015-2016 სასწავლო წლისთვის სოციალური პროგრამისთვის გამოყოფილია 2 მლნ 520 ათასი ლარი (1 მლნ–ზე მეტი აშშ დოლარი), რომლის ფარგლებში დაფინანსდება დაახლოებით 1400-მდე სტუდენტი“, — იუწყება ხუთშაბათს, 3 სექტემბრს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.
დაფინანსდებიან 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები.
სახელმწიფო მხარდაჭერით ისარგებლებენ მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა შვილები, სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებულთა შთამომავლები, უდედმამო, მრავალშვილიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სოციალურად დაუცველი სტუდენტები.
ასევე დაფინანსდებიან 2010-2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები; მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან ობოლი (უდედმამო) სტუდენტები.
სოციალური პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2013 და 2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.