თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. დღეისათვის „კანონიერი ქურდის“ ტიტულის 485 მფლობელიდან 276 წარმოშობით საქართველოდანაა, — ასეთ მონაცემებს აქვეყნებს საინფორმაციო ვებგვერდი „პრაიმ კრაიმი“.
„კანონიერი ქურდების“ რაოდენობის მიხედვით, პორტალის ინფორმაციით, მეორე ადგილზე რუსები არიან — სულ 61 კაცი. თუმცა, ქართველების გარეშე აქაც არ ჩაუვლია საქმეს — ბევრი რუსი „კანონიერ ქურდად“ სწორედ ქართველმა თანამოაზრეებმა „აკურთხეს“.
ლიდერთა ჩამონათვალში მესამე ადგილზე სომხები არიან, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ მათი გავლენა არ ვრცელდება, ნათქვამია მასალაში.
ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოში დანაშაულად მიიჩნევა და თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ქვეყნის კანონმდებლობა ამ მიმართულებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას გამკაცრდა.
კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოში 2005 წლის 20 დეკემბერს მიიღეს. იმავე პერიოდში შევიდა ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც და ახალ 223¹ მუხლს „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონერი ქურდობა“ ეწოდა.