გეოგრაფია თუ პოლიტიკა - რასთან ასოცირდება ევრაზია საქართველოში?

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის და რუსეთის დროშები
ევროკავშირის და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლების ოპონენტებმა და ექსპერტთა ნაწილმა ნაჩქარევად დაასკვნა, რომ კვირიკაშვილმა მინიშნება მჭიდრო თანამშრომლობაზე გააკეთა, ან სულაც ინტეგრაციაზე რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში.

ავტორი — ვიქტორია დოლიძე

… საქართველოში არ წყდება მითქმა-მოთქმა ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც დიპლომატის რანგში თავის პირველ გამოსვლაში, წამოსცდა (ან იქნებ განზრახ თქვა) სიტყვა „ევრაზიული“. ამასთან პოლიტიკოსი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრობდა. 

 საქართველოს ახალმა მთავარმა დიპლომატმა თქვა: „ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში პროდასავლური მიმართულების გარდაც და ეს არის რა თქმა უნდა აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ეს არის ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით“.

 წამოიჭრა კითხვები: რა ჰქონდა მხედველობაში მინისტრს? რა პროცესების ტრანსფორმაცია? იცვლება ქვეყნის საგარეო კურსი? ევრაზიული…კავშირი?!

 ხელისუფლების ოპონენტებმა და ექსპერტთა ნაწილმა ნაჩქარევად დაასკვნა, რომ კვირიკაშვილმა მინიშნება მჭიდრო თანამშრომლობაზე გააკეთა, ან სულაც ინტეგრაციაზე რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში. 

 „საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, ის ევრაზიას კონტინენტის სახით ახსენებს. არ ვიცი, ეს ხომ გეოგრაფიის გაკვეთილი არ იყო. მაშინ ყველა დანარჩენი კონტინენტები ჩამოეთვალა. ესაუბრა ანტარქტიდაზე, ავსტრალიაზე მაინც. მაგრამ აქ ისეთი მინიშნება გაკეთდა, რაც ჩვენი აზრით კითხვებს ბადებს“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა. 

 კვირიკაშვილის განცხადებით აღშფოთებულმა სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ასევე შეშფოთებით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში სიტყვა „ევრაზიული“ გაჩნდა. 

 ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაუღალავად ამტკიცებენ, რომ კვირიკაშვილის განცხადებაში არანაირი ქვეტექსტი არ იყო. თავად დიპლომატსაც მოუწია განმარტებების გაკეთება. მინისტრმა აღნიშნა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა ჩინეთთან, ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. 

 „თუკი ვინმე ვერ არჩევს ევრაზიის კონტინენტს ევრაზიული კავშირისაგან, ვფიქრობ ეს ჩემი პრობლემა რა უნდა იყოს“, — თქვა კვირიკაშვილმა ოთხშაბათს, 2 სექტემბერს. 

 პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აღელვებული ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ეხებოდა თუ არა კვირიკაშვილის განცხადება ევრაზიულ კავშირს, ამჯობინა ეხუმრა: „საბჭოთა კავშირს“.

 "ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ევროპული არჩევანია. ეს არის ხალხის არჩევანი და ეს არასდროს გადაიხედება არცერთი მთავრობის მიერ. რაც შეეხება კვირიკაშვილისა და ჩემს განცხადებას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს და ყველა კონტინენტზე,“ — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 ხოლო საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ხელისუფლების ოპონენტებს ურჩია გეოგრაფიის სახელმძღვანელო შეიძინონ, რათა გაიგონ რა არის ევრაზიის კონტინენტი. 

 "ევრაზიულ კონტინენტს რაც შეეხება, თუ ჩვენმა რომელმა ოპონენტმა ვერ გაიგო რას გულისხმობდა გიორგი კვირიკაშვილი, აუცილებლად უნდა იყიდოს მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო. იქ ძალიან კარგად არის დახატული რას წარმოადგენს ევრაზიული კონტინენტი. ისე, წინდაწინ გავამხელ საიდუმლოს, ევრაზიული კონტინენტი შედგება ევროპისგან და აზიისგან… ეს (ევრაზიის კონტინენტი და ევრაზიული კავშირი)სულ სხვადასხვა რაღაცეებია“, — თქვა აბაშიძემ.

თქვენთვის კი რასთან ასოცირდება სიტყვა ევრაზია?


ყველა ახალი ამბავი
0