თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღებას შესაძლოა ხელი შეუშალოს მიგრაციის პრობლემამ ევროპაში, უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ ოთხშაბათს, 2 სექტემბერს.
საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლები არა ერთხელ გამოთქვამდნენ იმედს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე 2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისში.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებიბს ძალიან რთული ქვეტექსტი — მიგრაციის კრიზისი, რომელმაც ევროკავშირი საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დააყენა. ამ ფონზე საკმაოდ რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ შესაძლოა იყოს რაღაც ფაქტორები, რომლებიც არ არის დამოკიდებული ჩვენზე და შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ“, — თქვა საბანაძემ.
მიუხედავად ამისა ელჩმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი ევროკავშირის შეფასებებზეა დამოკიდებული.
„არსებობს აბსოლუტურად რეალისტური გეგმა. ამ წლის ბოლომდე შეფასდება ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. თუ ეს შეფასება დადებითი იქნება, ჩვენ ველოდებით, რომ ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს იმაზე, რომ 2016 წელს საქართველოს უვიზო რეჟიმი ექნება ევროკავშირთან“, — თქვა ელჩმა.
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის დასკვნის თანახმად, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მეორე ფაზის 15-დან შვიდი ძირითადი მოთხოვნა შეასრულა.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი VLAP-ის მეორე ფაზის მეოთხე ბლოკის შესრულების თვალსაზრისით — არსებითია.