თბილისის, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ გამორიცხავს თავის უწყებაში საკადრო ცვლილებებს.
მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად სამშაბათს, 1 სექტემბერს დანიშნა. მანამდე იგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
„საგარეო უწყებაში პროფესიონალები მუშაობენ, ამიტომ მე საკადრო ცვლილებებს მაქსიმალური სიფრთხილით განვახორციელებ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იქნება რაღაც საკადრო ცვლილებები“, — უთხრა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს, 2 სექტემბერს.
კვირიკაშვილის წინამორბედის — თამარ ბერუჩაშვილის შემდგომი მოღვაწეობის საკითხის გადაწყვეტა პრემიერმა კვირიკაშვილს დაავალა.
„ის ძალიან გამოცდილი დიპლომატია, დიდი ხანია ჩემი მეგობარია. ვფიქრობ ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, — თქვა კვირიკაშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
თამარ ბერუჩაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.