თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრის გახსნა დაუფიქრებელი ნაბიჯია, რომელიც რუსეთს გააღიზიანებს, განაცხადა პარტია „ნეიტრალური საქართველოს" თავმჯდომარემ ვალერი კვარაცხელიამ „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ოთხშაბათს, 2 სექტემბერს.
„ვფიქრობ, ეს იყო აბსოლუტურად დაუფიქრებელი ნაბიჯი. ეს ნაბიჯი საქართველოს მომავლის სასარგებლოდ კი არ გადაიდგა, არამედ პირიქით. ამიტომ საქართველოს ყველა მოაზროვნე მოქალაქემ უნდა გააპროტესტოს ეს მოვლენა. ეს გააღიზიანებს რუსეთს, რაც სულ ცოტა, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ალბათ აღადგენს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს“, — განაცხადა კვარაცხელიამ.
„მართალია, ჩვენ ამ ბაზას სხვა სახელს, სამხედრო ცენტრს ვუწოდებთ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ იქ მარტო ქართველი სამხედროები კი არ მოემზადებიან, არამედ იქ მოემზადებიან ნატოს ყველა ქვეყნის ჯარისკაცებიც“, — ხაზი გაუსვა კვარაცხელიამ.
საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეს, თემურ ფიფიას მიაჩნია, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნაიმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს.
„ეგრეთ წოდებული, ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა — ეს ნატოს საქართველოში შემოსვლის ერთ–ერთი ეტაპია. ნატო არ იღებს საქართველოს საკუთარ რიგებშიდა არც აპირებს მის მიღებას. ამისთვის არსებობს ობიექტური და სერიოზული მიზეზები. მაგრამ ნატო სხვაგვარად წყვეტს თავის სამხედრო და სტრატეგიულ ინტერესებს — საქართველოში მოდის. ამ ცენტრის გახსნა არის კიდეც ნატოს საქართველოში შემოსვლისკენ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯი. სამხედრო თვალსაზრისით მან გარკვეული უპირატესობები მიიღო ჩვენს საშიშ რეგიონში — პირველ რიგში, უპირატესობა რუსეთის წინააღმდეგ“, — თქვა ფიფიამ.
ბრიფინგის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლასა და რუსეთთან სამხედრო–პოლიტიკური კავშირის შექმნას.
„საქართველო დღეს სრულად არის დამოკიდებული აშშ–ზე. სუვერენიტეტზე საუბარიც არაა. მაგრამ საქართველოს შეუძლია მოიპოვოს სუვერენიტეტი რუსეთთან კავშირში“, — მიაჩნია თემურ ფიფიას.