თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რუსული კომპანიები, რომლებსაც აშშ–მა ახალი სანქციები დაუწესა, ირანს, სირიასა და ჩრდილოეთ კორეას აწვდიდნენ ან მათგან იძენდნენ მრავალმხრივ საკონტროლო ნუსხაში შეტანილ საქონელს, ტექნოლოგიებსა და მომსახურებას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში. ამას ადასტურებს „სანდო და ეჭვმიუტანელი“ ინფორმაცია, განაცხადა რუსეთში აშშ–ის საელჩოს პრეს–მდივანმა უილიამ სტივენსმა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ „შავ სიაში“ შევიდა: ტულის აპარატურის საკონსტრუქტური ბიურო, კომპანია „კათოდი“, „სამეცნიერ–სამეწარმეო გაერთიანება მანქნათმშენებლობა“, კორპორაცია „მიგ“, „როსობორონექსპორტი“. სანქციები ასევე ვრცელდება მათ „მემკვირდრეებზე, დანაყოფებსა და შვილობილ სტრუქტურებზე“.
აშშ–ის ხ ელისუფლებამ რუსეთის მთელი რიგი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან დაკავშირებით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო დააწესა.
სტივენსმა განმარტა, რომ სანქციები 23 უცხოურ კომპანიაზე ვრცელდება.
„ამ კომპანიებს სანქციები ეჭვმიუტანელი ინფორმაციის საფუძველზე დაუწესდათ, რომ ისინი ამ ქვეყნებისგან იძენდნენ ან აწვდიდნენ მათ მრავალმხრივ საკონტროლო ნუსხაში შეტანილ საქონელს, ტექნოლოგიებსა და მომსახურებას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში“, — განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
მანამდე ცხადდებოდა, რომ შეზღუდვები ასევე შეეხოთ ჩინურ, ირანულ, სუდანურ, თურქულ და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიებს. სტივენსმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გატარებული ზომების შესახებ აცნობეს ჩინეთის, რუსეთის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებებს, მაგრამ სანქციების შესახებ არ უმსჯელიათ ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასა და სუდანთან.