ბერუჩაშვილი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისათვის საქმიანობას კვლავ გააგრძელებს

© photo: courtesy of Tamara Beruchashviliთამარ ბერუჩაშვილი
თამარ ბერუჩაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან თამარ ბერუჩაშვილი გაათავისუფლა. ქვეყნის საგარეო უწყებას ეკონომიკის ექს–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუდგა სათავეში.

თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა ექს–მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ის კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისათვის საქმიანობას.

სამშაბათს, 1 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თამარ ბერუჩაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და საგარეო უწყება გიორგი კვირიკაშვილს – ეკონომიკის ექს–მინისტრს ჩააბარა. ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე–მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა.

„ყველასთვის ცნობილია ჩემი კარიერა, ჩემი პრიორიტეტები, ჩემი პროფესიონალიზმი და გამოცდილება. მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს წაადგება. ესაა ჩემი პრიორიტეტი, რომელსაც მე ერთგულად 25 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. არაფერი დრამატული არ მომხდარა, ამას საღი გონებითა და თვალით უნდა შევხედოთ“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნინო გოგუაძის განმარტებით, პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილებით „ბერუჩაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა“.

„მე არასდროს მომისმენია მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადება. პრემიერ–მინისტრი ტოტალურად აყენებს შეურაცხყოფას არა მარტო ოპოზიციასა და ჟურნალისტებს, არამედ საკუთარი გუნდის წევრებსაც“, – განაცხადა დეპუტატმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პრემიერმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დამაარსებელთან, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიიღო. კონკრეტულად ბერუჩაშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ „ ბერუჩაშვილმა ბოლომდე არ შეასრულა რუსეთთან მიმართებით მიღებული დავალებები“. ცისკარიშვილის განმარტებით, კვირიკაშვილი უფრო ლოიალურია და იგი უსიტყვოდ შეასრულებს პრემიერის მითითებებს.


ყველა ახალი ამბავი
0