თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მცხოვრებთათვის ელექტროენერგიის კორექტირების საკითხი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (GNERC) სხდომაზე ხუთშაბათს, 3 სექტემბერს განიხილება.
ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“ ითხოვს შეიცვალოს ტარიფი და სატარიფო განაცხადის მთავარ არგუმენტად მოჰყავს დოლარის კურსის მკვეთრი ცვლილება ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, შესყიდულ ელექტროენერგიაზე ფასის მატება და ტარიფის მომატება ელექტროენერგიის გადაცემაზე.
გადაწყვეტილების მისაღებად GNERC-ს ვადა 18 დეკემბრამდე აქვს, თუმცა კომისიამ დაასრულა ადმინისტრაციული წარმოება სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებას 3 სექტემბერს მიიღებს, იტყობინება (GNERC).
"თელასმა ', რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს თბილისს, განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც კომპანია Energo-Pro Georgia-მ მიიღო ნებართვა ელექტროენერგიის ტარიფის მომატებაზე საქართველოს რეგიონებში 22%-ზე მეტად.
საქართველოს რეგიონებში 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი Energo-Pro Georgia-ს მომხმარებლებისათვის 3,95 თეთრით გაიზარდა 1 კვტ.სთ-ზე. ეს გადაწყვეტილება GNERC- მა 23 ივლისს მიიღო.
ამ დროისათვის, „თელასის“ იმ აბონენტებისათვის ვინც ელექტროენერგიას მოიხმარს 101 კვტ.სთ მდე ტარიფი 9,94 თეთრია 1 კვტ.სთ-ზე. 101 დან 301 კვტ.სთ-ზე — 12,46 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-ზე მეტზე 17,70 თეთრი.