თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან (EFTA) დაიწყო სამშაბათს, 1 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“. საქართველოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, იტყობინება საქართველოს ეკონომიკური უწყება.
ექსპორტის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის გზით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ოთხივე სახელმწიფო — შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი, რომლებიც EFTA-ს შემადგენლობაში შედიან, ევროკავშირის წევრები არიან.
შესაბამისად, EFTA-სთან ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად, საქართველოში წარმოებული საქონლისათვის ოთხი სახელმწიფოს 13 მილიონიანი ბაზარი გაიხსნება.
EFTA-სთან ხელშეკრულების ხელმოწერა, ახალ შესაძლებლობებს შესძენს ქართულ ბიზნესს, ახალ ბაზრებს ექსპორტირებული პროდუქციისათვის. ეს ასევე დამატებითი ინტერესი იქნება ოთხი სახელმწიფოს კომპანიებისათვის, რათა საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, შემოიტანონ ახალი ტექნოლოგიები და ცოდნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, — იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო.
მხარეებს შორის მოლაპარაკებათა პროცესში შეხვედრები 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.
თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებათა პირველი რაუნდის მსვლელობისას, ექსპერტებთან და EFTA-ს ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, მხარეები განიხილავენ ხელშეკრულების საკითხებს — საქონლით ვაჭრობისა და მომსახურების, სატარიფო ლიბერალიზაციის, საბაჟო თანამშრომლობის.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, ბრიუსელში 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი.
საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიკაცია 18 ივლისს მოახდინა, ხოლო ევროპარლამენტმა- 18 დეკემბერს. ამ დრომდე ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 24-მა ქვეყანამ მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია. დარჩენილია — ბელგია, საბერძნეთი, საფრანგეთი და იტალია.