თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესია 1 სექტემბერს, სამშაბათს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახსნილად გამოაცხადა.
ვიცე-სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ საშემოდგომო სესია წარმატებული იქნება და პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობას განახლებული ძალითა და ენერგიით შეუდგება.
ხვალინდელი დღიდან პარლამენტი მუშაობას პლენარული სესიის რეჟიმში დაიწყებს.
პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მოუწევთ განიხილონ მთელი რიგი კანონპროექტები და საკითხები, მათ შორის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი კანონპროექტზე, რომელიც ეხება ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოსვლას. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ შეძლებს ამ ვეტოს დაძლევას.