მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო. იხილეთ საარქივო კადრები, თუ რატომ ვერ აღკვეთა მეორე მსოფლიო ომი ვერც მიუნჰენისა და ვერც მოსკოვის შეთანხმებებმა თავდაუსხმელობის შესახებ.
მეოცე საუკუნის დასაწყისი. პირველ მსოფლიო ომში მარცხსა და ვერსალის ზავის დამამცირებელ პირობებს არ შეიძლებოდა გერმანიაში რევანშისტული განწყობები არ დაებადა. ამ ფონზე 1933 წელს ხელისუფლების სათავეში ნაციონალ–სოციალისტური მუშათა პარტიის მოსვლა ადოლფ ჰიტლერის ხელმძღვანელობით, აბსოლუტურად კანონზომიერად გამოიყურება.
აი, რისკენ მოუწოდებდა რეიხსკანცლერი: „საბოლოო გადაწყვეტილება — ეს სასიცოცხლო სივრცის გაფართოებაა!“, და ამიტომ — „გერმანიის არმია მოქმედებისთვის მზად უნდა იყოს. გერმანიის ეკონომიკა ომისთვის მზად უნდა იყოს“.
სიტყვა საქმეს არ დაშორებია.
გერმანია გავიდა ერთა ლიგიდან. უარი თქვა განიარაღების თაობაზე კონფერენციაში მონაწილეობაზე და ქვეყანაში საყოველთაო სამხედრო ვალდებულება გამოაცხადა.
1936 წლის 11 ივლისს „რეიხის მთავრობამ ცნო ავსტრიის სრული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი“, მაგრამ ამის შემდეგ ორი წელიც არ გავა, რომ გერმანია დაუბრკოლებლად გადაყლაპავს ამ ქვეყანას.
ხოლო 1938 წლის სექტემბერში მოხდა მოვლენა, რომელიც ისტორიაში შეთქმულებად ფასდება. მიუნჰენში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის პრემიერ–მინისტრებმა — ჩემბერლენმა და დალადიემ, ჰიტლერმა და მუსოლინიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც არსობრივად ჩეხოსლოვაკიის გახლეჩის უფლებას იძლეოდა. მოხდა სუდეტის ოლქის ანექსია. ნახევარი წლის შემდეგ გერმანულმა არმიამ, რომელმაც უკვე მიუნჰენის შეთანხმებაც დაარღვია, ჩეხოსლოვაკიის სრული ოკუპაცია განახორციელა — ეგრეთ წოდებულმა, დაშოშმინების პოიტიკამ ნაყოფის გამოღება და იწყო.
ანგლო–ფრანგულ–საბჭოთა კოალიციის შექმნის მცდელობა კრახით დასრულდა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ბრიტანეთის პრემიერი საკუთარ გეგმებს არ მალავდა: „ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუ ეს ჯაჭვით დასაბმელი ძაღლები — სტალინი და ჰიტლერი — ერთმანეთს დაგლეჯდნენ“.
ამის პასუხად სტალინი ჰიტლერს მოლაპარაკებებზე დათანხმდა. და 1939 წლის 23 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია. იმავე დღეს კრემლში ხელი მოეწერა „თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას“, რომელიც „მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის“ სახელითაა ცნობილი. შეთანხმებასთან ერთად შედგა საიდუმლო დამატებითი პროტოკოლი, რომელიც „აღმოსავლეთ ევროპაში საერთო ინტერესების სფეროთა განსაზღვრას“ ითვალისწინებდა.
თუკი მიუნჰენის შეთანხმებას დავახასიათებთ როგორც „ომის პრელუდიას“, მაშინ მოსკოვის შეთანხმება ერთმნიშვნელოვნად არ მოგვეჩვენება. ერთნი პაქტს საბჭოთა დიპლომატიის გამარჯვებად აფასებენ სამხედრო–პოლიტიკური კრიზისის პირობებში, მეორენი — მსოფლიოს გაყოფის შესახებ შეთქმულებად, მესამენი — შეკითხვაზე: „საიდან დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?“ პასუხად.
ის კი გერმანია–საბჭოეთის წარმატებული მოლაპარაკებების აღსანიშნავი ბანკეტიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო.
1939 წლის 1 სექტემბერს ჰიტლერული არმია პოლონეთში შეიჭრა, რამაც აიძულა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და მთელი რიგი სხვა ქვეყნები, გერმანიისთვის ომი გამოეცხადებინათ.
1940 წლის შემოდგომაზე გერმანია–საბჭოეთის ურთიერთობებში არსებითი ცვლილებები მოხდა. მოლოტოვის — იმ დროისათვის სსრკ–ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ბერლინში მზარდი დაძაბულობა და უნდობლობა უნდა მოეხსნა. მაგრამ თავაზიან მიღებას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია.
ამ დროს რეიხის დედაქალაქში უკვე სრულდებოდა „ბარ ბაროსაზე“ მუშაობა.
„…ისე უნდა გამოიკვებნონ, რომ იცოცხლონ და მუშაობა შეეძლოთ… კოლმეურნეობა არ უნდა მოიშალოს — ჩვენ ეს გვაწყობს… ჩვენთვის, გერმანელებისთვის მნიშვნელოვანია რუსი ხალხის დასუსტება იმ დონემდე, რომ ხელი ვეღარ შეგვიშალოს ევროპაში გერმანიის ბატონობის დამყარებაში“.
მოლოტოვთან გამომშვიდობებისას, ჰიტლერმა სინანული გამოთქვა, რომ აქამდე ვერ შეხვდა ისეთ დიდ ისტორიულ პიროვნებას, როგორიც სტალინია, მით უმეტეს, რომ შესაძლოა თავადაც შევიდეს ისტორიაში.
სამწუხაროდ, ფიურერის სურვილი ასრულდა — ის ისტორიაში შევიდა.