თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მარათონი Kazbegi Trail 2015 სტეფანწმინდაში 5 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
Kazbegi Trail Marathon საქართველოში უკვე მეექვსედ იმართება და ზღვის დონიდან 1700–2200 მეტრ სიმაღლეზე ქართველ და უცხოელ პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენებს უყრის თავს.
მარათონი ტრადიციულად დაბა სტეფანწმინდასა და მის შემოგარენში გაიმართება დიდი კავკასიონის მთის, უძველესი კოშკებისა და ეკლესიების ფონზე.
მარათონი ოთხ დისტანციაზე ტარდება:
• სრული მარათონი — 42 კმ;
• არასრული მარათონი — 21 კმ;
• სამოყვარულო მარათონი — 8 კმ;
• მარათონული ესტაფეტა ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის — 42 კმ.
სამოყვარულო დისტანციის დრო საათნახევარია, არასრული მარათონისა — სამნახევარი საათი, ხოლო სრული მარათონისა — შვიდი საათი.
მარათონში მონაწილეობა ფასიანია. ის 09:00 საათზე დაიწყება ალექსანდრე ყაზბეგის სახლ–მუზეუმთან.
მარათონის ყველა მონაწილე, რომლებიც საკონტროლო დროში ჩაეტევიან, მედლებითა და ელექტრონული სერთიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
მარათონში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ამ ბმულზე.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მარათონის ოფიციალურ ვებგვერდზე.