თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად, მაღალმთიან სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს. შესაბამის ინფორმაციას 31 აგვისტოს თბილისში მოეწერა ხელი. ამის შესახებ ფონდი იტყობინება.
280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.
საპარტნიორო ფონდმა, კორეულ კომპანია K-Water-მა, საქართველოს მთავრობამ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ხელი მოაწერეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს.
ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, ეკონომიკური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მშენებლობას უმსხვილესი იტალიური კომპანია — Salini Impregilo ახორციელებს.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტზე ხელმოწერა გულისხმობს, რომ პროექტის დასაწყებად ყველა ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დეტალები შეთანხმებულია და სამშენებლო კომპანია უახლოეს დღეებში ჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს დაიწყებს.
„ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე აშენდება,“ განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“ პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).