თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ქართული მედია უპრეცედენტოდ თავისუფალია და დღეს ჟურნალისტს ხელისუფლების არ ეშინია, ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეარხ „იმედის“ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „იმედმა" 29 აგვისტოს განაცხადა ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის „რეაქციისა“ და იმედის კვირის“ დახურვის შესახებ.
არხის ხელმძღვანელობა გადაცემების დახურვას იმით ხსნის, რომ აპირებს სრულად შეცვალოს არსებული ფორმატი და შეიმუშაოს ხარისხობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელიც მაყურებლის წინაშე 2016 წელს წარსდგება.
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანია “იმედმა“ მისი თოქ-შოუ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით დახურა.
"დღეს მედია არის უპრეცენდენტოდ თავისუფალი. დღეს ჩვენ მოვიტანეთ ის, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ეს არის ის, რომ ჟურნალისტს არ ეშინია ხელისუფლების, მოქალაქეს არ ეშინია ხელისუფლის. რაც შეეხება გადაცემა „რეაქციის“ შეჩერებას თუ დახურვას, ამ თემაში ჩახედული არ ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონი ინგა როგორც ჟურნალისტი არ დაეკარგოს მედიას და მან შეძლოს გაგრძელება იმავე, თუ სხვა არხზე როგორც თავად გადაწყვეტს, რომ მიაწოდოს დამოუკიდებელი და თავისუფლად მოპოვებული ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის აქ მთავარი. რას გადაწყვეტს "იმედის" ხელმძღვანელობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის სქმე არ არის“, — თქვა თეა წულუკიანმა
რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, წულუკიანის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ "რუსთავი 2" მაუწყებლობას აგრძელებს.
„ეს დავა აღმასრულებელი ხელისუფლების თემა არ არის.იმედია სასამართლო დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არ არის ჩემი თემა. ეს მესამე ხელისუფლების – მოსამართლის თემაა", — განაცხადა წულუკიანმა.