თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ბაადურ ჯობავამ აბუ-დაბიში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მესამე ადგილი დაიკავა.
დასკვნით მეცხრე ტურში ჯობავამ სომეხ მოჭადრაკეს ტიგრან პეტროსიანს მოუგო და იმის დამსახურებით, რომ ტურნირის ორმა ლიდერმა მარტინ კრავცევმა და ალექსანდრ არეშენკომ ორთაბრძოლაში ქულები გაიყვეს, პრიზიორთა სამეულში გავიდა.
ფესტივალის შედეგებით ჯობავამ, რომელსაც არც ერთხელ არ წაუგია, 7 ქულა მოაგროვა. შეჯიბრის გამარჯვებულმა შვედმა ნილს გრანდელიუსმა და მეორე ადგილზე გასულმა უკრაინელმა კრავცევმა ამდენივე ქულა მოაგროვეს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს ქართველ დიდოსტატს.
ჯობავამ საპრიზო 5 ათასი დოლარი აიღო.
ფესტივალი აბუ-დაბიში 22-ჯერ ჩატარდა. მიმდინარე წელს არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქში 147 მოჭადრაკე ჩავიდა მსოფლიოს 33 ქვეყნიდან.