თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების „იმედის კვირისა„ და „რეაქციის“ დახურვას არალოგიკური უწოდეს და ხელისუფლებას მოუწოდეს არ მოახდინონ ზეწოლა მედიაზე.
"მივმართავთ დე-ფაქტო და დე-იურე პრემიერებს, შეწყვიტეთ ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც ქვეყანას ახალი სამოქალაქო დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციისკენ მიაქანებს," — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 10 არასაპარლამენტო პარტია აწერს ხელს.
განცხადების ქვეშ ხელს აწერენ „დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძე), "თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა), „ლეიბორისტული პარტია" (შალვა ნათელაშვილი) და სხვები.
პარტიები საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
"მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო ყურადღება მიექცეს საქართველოში ავტორიტარიზმის მზარდ გამოვლინებებს. სამწუხაროდ, ქვეყანა, რომელმაც 1 წლის წინ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, შეუჩერებლად მიექანება არადემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ, რაც ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიის დამკვიდრების პროცესის შეუქცევადობას საქართველოში," — ნათქვამია განცხადებაში.
არხის ხელმძღვანელობა გადაცემების დახურვას იმით ხსნის, რომ აპირებს სრულად შეცვალოს არსებული ფორმატი და შეიმუშაოს ხარისხობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელიც მაყურებლის წინაშე 2016 წელს წარსდგება.