თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბაქოს სასამართლომ აზერბაიჯანის ხუთ მოქალაქეს, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში მსახურობდნენ და სირიაში უკანონო შეიარაღებული რაზმების რიგებში მონაწილეობდნენ, განაჩენი გამოუტანა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ სასამართლოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ბრალდებულებს: ელშან გურბანლის, ქიამრან აზიზოვს, თურალ მამედოვს, ნადირ ალიხანოვსა და ბახრუზ რასულოვს 12-დან 14,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ისინი ბრალდებულებად ცნეს აზერბაიჯანის სსკ-ის 279.1 (აზერბაიჯანის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა, ასევე მათ საქმიანობაში მონაწილეობა, მათი იარაღით, საბრძოლო მასალით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით, სამხედრო ტექნიკით ან საომარი აღჭურვილობით მომარაგება) და 283-ე (ქმედებები, რომლებიც მიმართულია ეროვნული, სოციალური, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილისა და მთავრობის გაღვივებისკენ) მუხლებით.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულები აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა გასული წლის სექტემბერში დააკავეს აზერბაიჯანის სხვა 26 მოქალაქესთან ერთად. ისინი ეჭვმიტანილი იყვნენ კანონმდებლობით აკრძალული შეიარაღებული გაერთიანებების ან ჯგუფების შექმნაში.