თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. უმაღლესი რადის შენობასთან მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის შტურმით აღება სცადეს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი უკრაინა“.
მომიტინგეები სამართალდამცავებს კვამლისა და ფეთქებად პაკეტებს ესვრიან. სამართალდამცავთა რიგებში პერიოდულად ფეთქდება უცნობი მოწყობილობები. მოედანი პარლამენტის შენობის წინ მთლიანად კვამლშია გახვეული. გარდა ამისა, დემონსტრანტები პარლამენტის შენობის ფანჯრებს ქვებსაც ესვრიან.
ამის პარალელურად, აქტივისტებმა ჯაჭვში მდგარი მილიცილების ჯოხებით ცემა დაიწყეს. სამართალდამცავები მომიტინგეებისგან თავს ხელკეტებით იცავენ. როგორც მანამდე ტელეკომპანია „112. უკრაინამ“ განაცხადა, შეტაკებისას აფეთქების ხმა გაისმა, რის შედეგადაც, ტელეარხის ინფორმაციით, ადამიანები დაშავდნენ, კერძოდ, ასფალტზე დასისხლიანებული ადამიანები წვანან.
„სწორედ ახლა უმაღლესი რადის დაცვის ჯარისკაცებს საბრძოლო ყუმბარა ესროლეს. ეროვნული გვარდიის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. შსს პროვოკატორების მოსაძიებლად და დასაკავებლად პირველად ქმედებებს ახორციელებს“, — წერს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი გერაშჩენკო ფეისბუქის გვერდზე.
წინასწარი მონაცემებით, შეტაკების შედეგად 15 სამართალდამცავი დაშავდა. სამართალდამცავთა მონაცემებით, მას შემდეგ, რაც უმაღლესმა რადამ კონსტიტუციაში, დეცენტრალიზაციის ნაწილში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მოიწონა, პარლამენტის შენობასთან ახლოს შეტაკება მოხდა. მომიტინგეები მილიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, დაიწყეს კვამლის პაკეტებისა და სხვადასხვა საგნების სროლა. სამართალდამცავები მათ დაშოშმინებას შეეცადნენ.
უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინადადებით დეცენტრალიზაციის ნაწილში ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებათა პროექტის განხილვა უმაღლესი რადის დაბლოკილი ტრიბუნის ფონზე წარიმართა. „რადიკალური პარტიის“ დეპუტატები ფრაქციების თავმჯდომარეების ტრიბუნაზე ყოფნისას ყვიროდნენ: „სირცხვილი!“, ხოლო პრეზიდენტის პროექტის მხარდამჭერი პარლამენტარების სიტყვით გამოსვლისას ხმის ჩასახშობად სირენას იყენებდნენ.