ხედვა რუსეთიდან: ცენტრი გაიხსნა. რა იქნება შემდეგ?

საქართველო–ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი
საქართველო–ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი საქართველოთია დაინტერესებული. თუმცა ეს ინტერესი მთელი რიგი კონკრეტული ამოცანებით შემოიფარგლება და ამ საზღვრებს მიღმა გასვლას ნატოში ჯერ არ აპირებენ.

ნადანა ფრიდრიხსონი,

ექსპერტი ანალიტიკური ცენტრიდან „კუბი“, სპეციალურად „Sputnik–საქართველოსთვის“. 

 

კოლორიტული ფონი, მაგრამ აუხდენელი იმედები

მაღალჩინოსანმა სტუმარი, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა. თუმცა მოლაპარაკებები ჩარჩო–ხასიათისა იყო და ახალი არაფერი თქმულა. სტოლტენბერგმა პოზიტიურად შეაფასა ქართული ხელისუფლების განზრახვა, შეინარჩუნონ ალიანსთან დაახლოების კურსი და იქვე აღნიშნა, რომ ინტეგრაციის გზა „რთულია და დროსა და ძალისხმევას მოითხოვს“. მან გვერდი აუქცია პასუხს კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო საგზაო რუკას ნატოს მომდევნო სამიტზე?

სტუმრის საკმაოდ თავშეკავებული ფონი მკვეთრად განსხვავდებოდა იმ ინფორმაციული ფონისგან, რომელიც მის საქართველოში ჩასვლას უძღოდა წინ. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ფონი ძალზე კოლორიტული იყო. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ერთკვირიანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა დროსაც მინისტრი დაჟინებით მოუწოდებდა ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს ნატოში მიღებისკენ და ქვეყანაში გაზრდილი პრორუსული განწყობით აფრთხობდა.  

ესტაფეტა მედიამ მიიღო, რომელმაც ვიზიტის წინა დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალური მდივანი „საქართველოში მისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა საკითხის განსახილველად“ ჩადიოდა. 

დამამთავრებელ აკორდად იქცა გენერალური მდივნის ვიზიტის დღეს გაკეთებული განცხადება, რომ რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. გენერალური შტაბის მეთაურმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ „ეს არც პირველი და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი შემთხვევაა“. 

თუმცა, ყველა მცდელობის მიუხედავად, სტოლტენბერგს მაინც არ გაუკეთებია გადამწყვეტი განცხადებები. უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ ურჩია თბილისს მოსკოვთან დიალოგის განგრძობა. 

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნისას სტოლტენბერგმა კვლავაც დაადასტურა, რომ ცენტრი „არ არის მიმართული არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ“, კრემლში მაინც სხვაგვარად ფიქრობენ. 

უნდა ითქვას, რომ რეგიონში დღეს მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რუსეთს ნამდვილად აქვს საფუძველი, სიფრთხილით მოეკიდოს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების ამგვარ გაღრმავებას. 

დღეს ალიანსი მზად არ არის, მიიღოს საქართველო საკუთარ რიგებში და ნაკლებსავარაუდოა, რომ უახლოეს დროში გადაწყვეტილება შეცვალოს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო სტრუქტურა უარს იტყვის მთელი რიგი რეგიონული ამოცანების შესრულებაზე, თანაც არა მხოლოდ თავისი სამხრეთ კავკასიელი პარტნიორის ხარჯზე, არამედ რეგიონული მოთამაშეების ინტერესთა საწინაღმდეგოდაც კი. 

 

ენერგეტიკული ინტერესების დაცვა

უპირველესად, ეს პრაგმატული ამოცანებია, რომლებიც დასავლური ინვესტიციების დაცვას უკავშირდება. საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გადის მოქმედი ნავთობსადენი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი, და გაზსადენი ბაქო–თბილისი–ერზრუმი. მაგრამ, რაც მთავარია, საქართველოზე გაივლის მშენებლობის სტადიაში მყოფი გაზის სამხრეთ დერეფნის მონაკვეთი, რომელზე კონტროლიც დასავლეთს ჯერჯერობით სრულად არ აქვს ხელში აღებული. 

ამასთან, თურქეთის გარშემო ვითარების დესტაბილიზაციის ფონზე, საქართველოს რეგიონული მნიშვნელობა აშკარად იზრდება. ქვეყანას შეუძლია ძირითადი როლი შეასრულოს გაზის სხვა პროექტებშიც, რომელთა რეალიზებაც ესოდენ არ აწყობს მოსკოვს. ამიტომ სავსებით კანონზომიერია, რომ ნატო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე პოზიციების გამყარებისკენ ისწრაფვის, არამედ ამაში რეგიონზე გავლენის შემდგომი გაფართოების საწყის ეტაპსაც ხედავს.   

 

ფსიქოლოგიური ზეწოლა ყველაზე

საქართველოში საწვრთნელი ცენტრის არსებობა კარგ შესაძლებლობას იძლევა რეგიონულ მოთამაშეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის. უპირველესად, ეს, რაღა თქმა უნდა, რუსეთს ეხება. უკრაინის სულ უფრო მზარდი კრიზისის ფონზე, მოსკოვს აუცილებლად ესაჭიროება სტაბილურობის შენარჩუნება მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზონებში. ამასთან, ეს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხს არ უკავშირდება. 

რამდენადაც თურქული ნაკადის რეალიზაციის შანსი დღეს თითქმის ნულს უტოლდება, რუსეთმა აუცილებლად უნდა აკონტროლოს გაზის ალტერნატიულ პროექტებთან დაკავშირებული ვითარება. მათი ცენტრალური კვანძი დღეს ბაქო–თბილისი–ანკარის ღერძზე ფორმირდება. 

ის ფაქტი, რომ ამ პროექტების განვითარება ძალიან მალე შეიძლება ნატოს პირდაპირ კონტროლქვეშ აღმოჩნდეს, შეუძლებელია  არ აღელვებდეს რუსეთს. სამაგიეროდ ის სრულ თანხვედრაშია  ბრიუსელის ინტერესებთან, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამჟამინდელი სიტუაციით სარგებლობა და რუსეთის იძულება, ითამაშოს მისი წესებით. 

ნატოს საწვრთნელი ცენტრის არსებობა საქართველოში — ეს ფაქტობრივი მესიჯია მოსკოვისთვის, რომ მანევრირების ველი სწრაფად პატარავდება. გამოწვევები იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც აღელვებს აშშ–სა და ევროკავშირს,  სხვაგვარი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. 

ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ მხოლოდ რუსეთი არ ხვდება. ნატოს საწვრთნელი ბაზა საქართველოში არ შეიძლება არ აღელვებდეს აზერბაიჯანს, რომელიც ისე არ უახლოვდება ევროკავშირსა და ამერიკას, როგორც ეს მათ სურთ. უფრო მეტიც, ამა წლის ივლისში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქომ შესაძლოა გადახედოს ევროკავშირთან ურთიერთობებს. 

არც აშშ და არც ევროკავშირი არ აპირებენ აზერბაიჯანზე ზეწოლის ბერკეტების დაკარგვას. ბოლოს და ბოლოს, ბაქოს ლოიალური პოზიცია რეგიონში დასავლეთის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ — ეს სამხრეთ კავკასიაში პროცესების გადაფორმატირების განუყრელი ნაწილია, რასაც კასპიის მთელ ენერგეტიკულ სიმდიდრეზე წვდომა უნდა მოჰყვეს.  

სხვა საქმეა, რომ დასავლეთი ლოიალობას ხშირად „მათრახის მეშვეობით“ აღწევს. ესენია ყარაბაღის კონფლიქტით მანიპულაციაც და ადამიანის უფლებათა დარღევის შესახებ რიტორიკაც. ახლა კი ჯიუტი აზერბაიჯანის მეზობლად თანდათან იწყებს ფუნქციონირებას ნატოს „ფილიალი“,  სადაც, კაცმა არ იცის, ვის და რა მიზნებით მოამზადებენ. 

არც ირანია დავიწყებული, რომელიც სანქციებს თავს აღწევს და ხედავს, თუ როგორ აქტიურად ფართოვდება მის გარშემო ნატო. ეს ერთგვარი შეხსენებაა იმისა, რომ ვენაში მიღწეული შეთანხმებების დარღვევა არ ღირს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი პოლიტიკის კორექტირებაც კი უნდა შეძლონ დასავლეთის ინტერესების შესაბამისად.  

 

ფარული საფრთხე არა მარტო რუსეთისთვის

საწვრთნელი ცენტრის არსებობა ოდნავადაც კი არ ზრდის საქართველოს შანსებს ალიანსის სრულუფლებიან წევრობაზე. ამაზე მხოლოდ საუბრობენ. აი დასავლელ პარტნიორებთან ვაჭრობის შესაძლებლობა კი შესაძლოა საქართველომ მალე დაკარგოს. თანაც, ამას გარდა, ნატოს „ფილიალი“ პერსპექტივაში შესაძლოა საქართველოსთვის უფრო საშიშადაც კი იქცეს, ვიდრე მისი რეგიონული მეზობლებისთვის. 

სტოლტენბერგმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ცენტრში მომზადებას ალიანსის ყველა ქვეყნის სამხედროები გაივლიან. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთის ყურადღება ძირითადად ახლო აღმოსავლეთზეა ფოკუსირებული იქ გაძლიერებული დესტაბილიზაციის გამო, სავსებით მოსალოდნელია, რომ საქართველო მალე ძალზე საშიში პროცესების ეპიცენტრში აღმოჩნდეს. 

ასეთ ვითარებაში თბილისს არჩევანი არ დარჩება — ან სრულად უნდა დაეთანხმოს დასავლეთის მიერ შეთავაზებულ პირობებს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაღაც მომენტში ეს პირობები არახელსაყრელად მოეჩვენება), ან რისკის ზონაში აღმოჩნდება. 

სწორედ ამ ვითარებას მიაქცია ყურადღება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც უარყოფითად შეაფასა საწვრთნელი ცენტრის გახსნა საქართველოში. 

„ამ ნაბიჯს ვაფასებთ, როგორც ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მისი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებისკენ არის მიმართული, თანაც ხშირად ბლოკის პარტნიორი ქვეყნების რესურსების გამოყენებით“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. — „ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასეთი სამხედრო ობიექტის გახსნა საქართველოში სერიოზულ მადესტაბილირებელ ფაქტორად იქცევა რეგიონის უსაფრთხოებისთვის“. 

რა თქმა უნდა, რუსეთს საკუთარი მიზეზები აქვს, მიუთითოს საწვრთნელი ცენტრის ფარულ საფრთხეებზე. და ეს უპირველესად იმის შეგრძნებაა, რომ ნატო მიხვეულ–მოხვეული გზებით ცდილობს მოსკოვის ჩიხში შეყვანას. თუმცა ზემოთ მოყვანილი შეფასებებისთვის სავსებით ობიექტური საფუძვლებიც არსებობს. 

 

ცენტრის ამოცანა–მინიმუმი შესაძლოა მალე გადაწყდეს

ნატოს ცენტრის საქართველოში ფუნქციონირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები თანდათანობით იჩენს თავს, თუმცა თავად მისი გახსნის ფაქტმა შესაძლოა უახლოს ვადებში გაამწვავოს  სიტუაცია მოსკოვსა და თბილისს შორის. 

მოსკოვი ნატოსა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების პირდაპირპროპორციულად გააძლიერებს საკუთარი და ასევე მის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დაცვას. დაიწყება ერთგვარი „გამალებული შეიარაღება“, ხოლო რუსეთისა და საქართველოს მყიფე დიალოგი შესაძლოა შეწყდეს. 

 

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას.  


ყველა ახალი ამბავი
0