საქართველოს ჩემპიონატზე ფეხბურთში მესამე ტურის მატჩები ჩატარდა

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialფეხბურთი, საქართველოს ჩემპიონატი
ფეხბურთი, საქართველოს ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლოკომოტივი“, „კოლხეთი“, „მერანი“ და „საპოვნელა“ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე არიან, ვინაიდან ჩემპიონატში ჯერჯერობით ვერცერთი ქულის მოპოვება ვერ შეძლეს.

თბილისი, 31  აგვისტო — Sputnik. გასულ უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატზე ფეხბურთში მესამე ტურის მატჩები ჩატარდა. 

პროგრამა 29 აგვისტოს „დინამო არენაზე“ გახსნეს თბილისურმა კლუბებმა  — „დინამომ“ და „საბურთალომ“. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას ქალაქური დერბის სტატუსი ჰქონდა, მატჩში ნამდვილი ბრძოლა არ გამართულა. „დინამოელებმა“ ორივე ტაიმში ორ–ორი ბურთი გაიტანეს მოწინააღმდეგის კარში, საკუთარი კი კარგად გადარაზეს და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს ანგარიშით 4:0. „დინამომ“ 9 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს ერთი დღით მოექცა სათავეში. 

უკვე მომდევნო დღეს თბილისელებს ქულებით გაუსწორდა „სამტრედია“, რომელმაც საშინაო მატჩში „ლოკომოტივს“ სძლიეს ანგარიშით 3:2. გამარჯვების გოლი 72–ე წუთზე დავით რაჟამაშვილმა გაიტანა. 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დილა“ ერთადერთი კლუბია, რომელმაც სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში გაიმარჯვა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგო ანგარიშით 2:0. გოლების ავტორი ირაკლი მოდებაძე გახლდათ. 

საქართველოს ვიცე–ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ ფოთის კოლხეთთან გაიმარჯვა  ანგარიშით 2:0. მასპინძლებს გამარჯვება გიორგი გაბედავასა და გიორგი ბარიაშვილის ზუსტმა დარტყმებმა მოუტანა. 

მესამე ტურის ყველაზე შედეგიანმა გუნდმა „ცხინვალმა“ გამანადგურებელი ანგარიშით — 5:1 დაამარცხა „ზუგდიდი“. ნიკა კაჭარავამ ორი გოლი გაიტანა, ხოლო ირაკლი ლექვთაძემ,  გიორგი ცერცვაძემ და ბიძინა მახარობლიძემ — თითო–თითო. 

ტურის შედეგები ასეთია:

„დინამო“ თბილისი — „საბურთალო“ — 4:0

„ჩიხურა“ — „მერანი“ — 3:0

„დინამო“ ბათუმი — „კოლხეთი“ — 2:0

„გურია“ — „საპოვნელა“ — 3:0

„ცხინვალი“ — „ზუგდიდი“ — 5:1

„სამტრედია“ — „ლოკომოტივი“ — 3:2

„სიონი“ — „შუქურა“ — 2:0

„ტორპედო“ — „დილა“ — 0:2

ამგვარად, სამი ჩატარებული ტურის შემდეგ „დინამო“ თბილისსა და „სამტრედიას ცხრა–ცხრა ქულა აქვთ და ჩემპიონატის ლიდერები არიან. მათ მოსდევთ „დილა“, „დინამო“ ბათუმი და „სიონი“ შვიდი ქულით. 

„ლოკომოტივი“, „კოლხეთი“, „მერანი“ და „საპოვნელა“ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე არიან, ვინაიდან ჩემპიონატში ჯერჯერობით ვერცერთი ქულის მოპოვება ვერ შეძლეს. 

ყველა ახალი ამბავი
0