თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ბრძოლის ფარგლებში, ამხანაგურ მატჩში 7:27 ანგარიშით წააგო ინგლისის პრემიერ-ლიგის გუნდ “ნიუკასლ ფელკონსთან“.
თამაში ინგლისელ რაგბისტთა სრული უპირატესობით წარიმართა და რაღაც მომენტში ანგარიში 15:0 იყო ინგლისელთა სასარგებლოდ. საქართველოს გუნდის ერთადერთი მცდელობა მამუკა გორგოძის ანგარიშზეა. რეალიზაცია ბექა წიკლაურმა შეასრულა.
ინგლისში მოსამზადებელი შეკრებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გუნდი კიდევ ორ სატესტო ორთაბრძოლას გამართავს. 2 სექტემბერს ისინი კანადელებთან ითამაშებენ, ხოლო სამი დღის შემდეგ იაპონელებთან.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე ინგლისსა და უელსში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები "С" ჯგუფში იქნებიან ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგისა და ნამიბიის ნაკრებები.