თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იტალიელ ტომას ფაბიანოს სამ სეტში — 6:4, 4:6, 6:1 მოუგო და თავის კარიერაში პირველად US Open —ის ძირითად ბადეში — „დიდ შლემის“ სერიის დასკვნით ტურნირში გავიდა.
პირველი ორი პარტია აბსოლუტურად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. მოწინააღმდეგეები თავდაჯერებულნი თამაშობდნენ თავიანთ ჩაწოდებებში. და თუკი პირველ სეტში ბასილაშვილმა ფაბიანოს ერთი ბრეიკის წინააღმდეგ ორი ბრეიკი განახორციელა, მეორე რაუნდში იტალიელმა ერთი ჩაწოდებით მეტი აიღო, რაც ანგარიშზე აისახა კიდეც.
მესამე პარტიაში იტალიელი თითქოს შეცვალეს. პირველი ბურთით მოხვედრის სიზუსტე ფაბიანთან მხოლოდ 37%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც ბასილაშვილთან ეს მაჩვენებელი 70% იყო. გარდა ამისა მოგებული ბურთებითაც ბასილაშვილმა თითქმის ორჯერ გადააჭარბა თავის მოწინააღმდეგეს.
შედეგად, ორი ბრეიკის შემდეგ, ბასილაშვილმა მესამე სეტი და შეხვედრაც მოიგო და ამისათვის ორ საათზე ნაკლები დახარჯა.
ტურნირის ძირითად ბადეში გასვლით, ბასილაშვილმა გარანტირებულად გამოიმუშავა საპრიზო 40 ათასი დოლარი და 25 სარეიტინგო ქულა, რაც მას საშუალებას მისცემს 97 —ე მსოფლიო რეიტინგიდან 10-12 პოზიციით აიწიოს.
ბასილაშვილის პირველი მოწინააღმდეგე US Open-ზე მეთვრამეტე ნომრად განთესილი ესპანელი ფილისიანო ლოპესი გახდება. ჩოგბურთელები ერთმანეთს წელს „უიმბლონის“ ტირნირის მეორე რაუნდში შეხვდნენ. მაშინ ძალიან დაძაბულ ხუთსეტიან მატჩში გამარჯვება ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიპოვა.
US Open 31 აგვისტოს იწყება, ხოლო ტურნირის საპრიზო ფონდი 42,3 მილიონი დოლარია.